საგარეჯოს სოფლები დაისეტყვა

უამინდობის გამო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა გუშინ დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო და თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

სეტყვა საკმაოდ ინტენსიური იყო. დაისეტყვა ქალაქი საგარეჯო, სოფლები ჩაილური და კაკაბეთი, ასევე სოფელ ბუღდიანში საცხოვრებელი სახლების დატბორვის გამო საჭირო გახდა სახანძრო სამაშველო სამსახურის გამოძახება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილ ადგილებზე სხვადასხვა ნათესები მინიმუმ 50%-ით არის დაზიანებული. "დასეტყვილი ადგილები დაზიანებულია მინიმუმ 50 პროცენტით. მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ვიმსჯელებთ რისი გაკეთება შეგვიძლია", - აღნიშნა გზირიშვილმა.