ცაგერში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ცაგერში ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მრავალპროფილიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 714 143 ლარს შეადგენს.

როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე სპორტკომპლექსზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა.

გუბერნატორმა ცაგერის რეაბილიტირებული მუზეუმის შენობა და ახლად გარემონტებული N1 საბავშვო ბაღი დაათვალიერა, შემდეგ კი სოფელ ქვედა ცაგერში 30 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 404 404 ლარს შეადგენს.

2015-16 წლებში რეგიონის მასშტაბით 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 8 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.