გიორგი კვირიკაშვილი ბაქო-სუფსის ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად აზერბაიჯანულ მხარეს მასპინძლობს

აღმოსავლეთ-დასავლეთ (ბაქო-სუფსა) ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს, „სოკარის“ პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს, აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსსა და კომპანია “ბი-პის“ წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ესწრებიან.

”20 წლის წინ, 1996 წლის 8 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა და საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერეს ბაქო-სუფსას დერეფნის მშენებლობის შეთანხმებას.

ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნების მეტად ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძვლის შესაქმნელად. შეთანხმება, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „საუკუნის პროექტი“, დაეხმარა საქართველოს, დაბრუნებულიყო მსოფლიო რუკაზე, როგორც ისტორიულად სატრანზიტო როლის მქონე ქვეყანა, რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგოდერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას”, - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

უშუალოდ მინისტრ კახა კალაძის შეფასებით, ეს არ იყო მხოლოდ 550 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში და პირველი ნავთობსადენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არამედ ეს იყო დასაწყისი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული და გამორჩეული თანამშრომლობისა”.

”ეს იყო დასაწყისი წარმატებული თანამშრომლობისა, რომელიც წლიდან წლამდე კიდევ უფრო ძლიერდება და ამტკიცებს ისტორიულ კავშირებს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ბაქო-სუფსის პროექტის განხორციელება იყო გამოწვევა ჩვენი დინამიური რეგიონისთვის, მაგრამ იმავდროულად ეს იყო უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ ეფექტურად გამოიყენა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი კომპანია “British Petroleum”-მა გაუშვა ექსპლუატაციაში. ნავთობსადენს წელიწადში 7 მილიონი ტონა და დღეში 140 ათასი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია. მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება. მილსადენის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოხდა სუფსის ტერმინალის მშენებლობა. სუფსის ტერმინალის ტევადობა 120 000 ტონაა. WREP-ის მეშვეობით სანგაჩალის ტერმინალიდან ნავთობი 1998 წლის დეკემბერში გამოუშვეს, 1999 წლის ზაფხულში კი სუფსის ტერმინალში პირველი ტანკერი დაიტვირთა.