ტურიზმის ადმინისტრაციამ ღვინის ფესტივალის ფარგლებში ისრაელიდან პრესტურს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ისრაელის ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა ჟურნალების, ელექტრონული გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღვინის ფესტივალზე მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ღირშესანიშნაობები.

ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ისრაელის პოპულარული გამოცემებისთვის სტატიებს მოამზადებენ.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისრაელიდან სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს. 2016 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ისრაელიდან საქართველოს 11,124 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106%-ით მეტია.