თამბაქოს კონტროლის ალიანსი პარლამენტს მიმართავს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პარლამენტს მიმართავს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების საფუძველზე და კონვენციის სამდივნოს რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული კანონპროექტები დაუყოვნებლივ მიიღოს.

როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან საქართველოს მიერთებიდან 10 წელი შესრულდა, რითაც ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულებები, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა განუხორციელებელია.

”მეტიც, ვალდებულებების დიდ ნაწილს ვადა 5 წლის წინ გაუვიდა. ვადაგადაცილებული ვალდებულებებია: დახურული ტიპის შენობისა და ტრანსპორტის გათავისუფლება თამბაქოს კვამლისაგან, თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის სრული აკრძალვა, დაავადებების სურათებრივი გამოსახულების (პიქტოგრამების) დატანა კოლოფებზე, თამბაქოს ნაწარმის ლიცენზიის სისტემის აღდგენა როგორც წარმოებაზე, ასევე იმპორტზე, საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე, თამბაქოს ინდუსტრიის პასუხისმგებლობის დაყენება, მათგან კომპენსაციების მოთხოვნა და ა.შ.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს მისიამ საქართველოს 2013 წელს შეახსენა, რომ ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობას არ იცავს. იმავე წელს საქართველოს მთავრობამ #196 და #304 დადგენილებებით, კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთაგან მხოლოდ სიგარეტის აქციზის გადასახადი გაზარდა, თუმცა, უმნიშვნელოდ.

ბოლო წლებში ჩატარებული 4 კვლევისა და ახლახან სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი მონაცემები დასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი მხარს უჭერს საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ შენობებში და სამუშაო ადგილებში მოწევის (რესტორნებში და ბარებში 80%-მდე) და რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვას.

ალიანსი მიმართავს პარლამენტს, როგორც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველ ორგანოს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა და მიიღოს კონვენციის მოთხოვნების საფუძველზე და კონვენციის სამდივნოს რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული კანონპროექტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ 31 მაისამდე, "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" დღემდე, დავასახელოთ ყველა ის პირი, რომელიც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში ქვეყნის მოსახლეობის სიკვდილს ლობირებს. ნუ გვაბოლებთ ბატონებო, წამზომი ჩართულია”, - ნათქვამია განცხადებაში.