თურქეთის წამყვანი ტუროპერატორებისთვის პროექტ Check In Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე და კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი, გიორგი აფციაური 17 მაისს, თურქეთის წამყვან ტუროპერატორებს შეხვდებიან და მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის “Check In Georgia” პრეზენტაციას გამართავენ.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია, აღნიშნული, შეხვედრის მიზანია, თურქული ტურისტული ბაზრისთვის საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ფორმით საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაცია.

მათივე ინფორმაციით, შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომლითაც აქტიურად დაინტერესდა ბიზნესსექტორი. პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე, კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოჩინდნენ “Check In Georgia”-ს პარტნიორები და მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები. კომპანიების პოზიციონირება მოხდება დაგეგმილი სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისას, ამასთან, პროდუქტის მწარმოებელი, მიმწოდებელი კომპანიები ღონისძიებებზე საკუთარი პროდუქციით იქნებიან წარმოდგენილი.

აღნიშნული შეხვედრა კომპანია „ატლასგლობალ საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება, რომელიც მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტს “Check In Georgia”-ს ერთ-ერთი პირველი შეუერთდა.