ბოლო თვეებში საქართველოში ოქროს ნაწარმი გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ანალიტიკოსები მომავალი სამი წლის განმავლობაში ოქროზე ფასის 10-15%-ით გაზრდას ელოდებიან.

თუმცა, ბოლო პერიოდში, წინა წლებთან შედარებით, საქართველოში ოქროს ნაწარმზე ფასები შემცირდა.

როგორც ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტი თამაზ გულედანი აღნიშნავს, მიუხედავად ოქროს გაიაფებისა, საქართველოში „კეთილშობილი ლითონის“ რეალიზაცია მაინც შემცირებულია.

„ოქროს ნაწარმი მართლაც გაიაფდა: ყველაზე სუფთა - 999 სინჯის ოქრო 4-5-თვის წინ თუ ღირდა 98 ლარი, დღეს 92 ლარი ღირს. 916 სინჯის ოქრო ღირდა 76 ლარი, ახლა კი 72 ლარია. 750 სინჯის ოქროს ფასი 67 ლარი იყო, ახლა - 62 ლარია. ერთი გრამი 585 სინჯის ოქროს ფასი 55 ლარი გახლდათ, დღეს კი - 50-51 ლარად იყიდება. 4-5 თვის წინ 375 სინჯის ოქრო ღირდა 28 ლარი, ახლა კი - 22 ლარი ღირს. ეკონომიკურმა კრიზისებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ბიზნესზე: ძვირდება პირველადი მოხმარების საგნები, მედიკამენტები და ისეთი პროდუქცია, რომელიც აუცილებელია არსებობისთვის, ამიტომ ოქროს რეალიზაცია შემცირდა და ჩვენს ბიზნესსაც გაუჭირდა. სხვათა შორის, 2010-2011 წლებში ამ ბაზარზე უფრო კარგი მდგომარეობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი დაიჭირეს, საზღვრებზე ართმევდნენ არაოფიციალურ ოქროს ნაწარმს და სჯიდნენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მუშაობა მაინც იყო - ოქრო ჩვენგანაც გაჰქონდათ და სხვა ქვეყნებიდანაც შემოჰქონდათ“, - აღნიშნავს თამაზ გულედანი.

ექსპერტის თქმით, დღეს ყველაზე დიდი რაოდენობით ოქრო ჩვენთან თურქეთიდან შემოდის, თუმცა სხვა ქვეყნების წილიც მაღალია.

„ძირითადად ჩვენი მეზობელი თურქეთი აქტიურობს, თუმცა ოქრო შემოდის ირანიდან, შუა აზიიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. სხვათა შორის, როდესაც აზერბაიჯანული მანათის კურსი ძალიან დაეცა, ამ ქვეყნიდან საქართველოში დიდი რაოდენობით ოქროს ნაწარმი შემოვიდა. ქვეყანაში კრიზისი იყო და ხალხი ოქროს სამკაულებს ყიდდა. ძირითადად სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან და თურქეთიდან შემოტანილი ოქრო სჭარბობს. ხალხში გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ძველებური, ე.წ. რუსული ოქრო ხარისხიანია, თურქული, ან იტალიური კი უხარისხო. ოქროს ხარისხი მის სინჯზეა დამოკიდებული. ყველაზე სუფთა 999 სინჯის ოქროა, რომელიც საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად გამოიყენება. ქართულ ბაზარზე ეს ოქრო არსებობს, მისი შეძენა პრობლემა არ არის. შეიძლება ზოდების სახითაც შეგხვდეთ და მისი ყიდვა ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია. ოქრომჭედლები ამ სინჯის ოქროს სხვა მინარევებს ურევენ, ძირითადად, სპილენძს, თუთიას, ან სხვა ლითონს და სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებენ. ასე ჩნდება ბაზარზე სხვადასხვა სინჯის ოქრო. რაც უფრო მაღალია სინჯი, მასში სუფთა ოქრო უფრო დიდი რაოდენობითაა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

oqrosbirja.ge-ს ადმინისტრატორის ლადო ქურდაძის თქმით, ოქროს გაიაფების ტენდენცია დოლარის გაიაფებამ გამოიწვია.

„საქართველოში ოქროს გაიაფების ტენდენცია აშკარაა - საშუალოდ, 5-6 ლარით ყველა სინჯის ოქრო გაიაფდა. გაიაფდა საბჭოთა პერიოდის, ე.წ. რუსული ოქროც, თურქულიც და იტალიურიც. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, სხვა ფაქტორებთან ერთად ეს პროცესი დოლარის კურსის დაწევამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეები გაიაფებას რეალიზაციის შემცირებით ხსნიან, ლარის გამყარებამაც იქონია სერიოზული გავლენა ოქროს ფასზე. ცნობილია ისიც, რომ ოქროს რეალიზაცია მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიო ბაზარზეც შემცირდა“, - ამბობს ლადო ქურდაძე.

ოქროს ბაზარზე არსებულ კრიზისზე ჩივიან ოქროთი მოვაჭრეები. მათ თქმით, რეალიზაცია იმდენად შემცირდა, რომ ზოგიერთ მოვაჭერეს ადგილის ფულის გადახდაც კი უჭირს.

ნინო კილაძე , ოქროთი მოვაჭრე: „ტრადიციულად, საქორწინო ბეჭდები და ჯვრები იყიდება, რომლებსაც ნათლობისთვის ყიდულობენ, მათ გარეშე ვერ ვიმუშავებდით. ასევე კარგად გვეყიდება დაბალი ხარისხის პროდუქცია, დაახლოებით, 80-100 ლარის ფარგლებში. ასეთი სამკაული გარეგნულად ლამაზია, მაგრამ მასში ოქროს შემცველობა დაბალია, ძირითადად, სხვა ლითონები სჭარბობს და მხოლოდ ზემოდან არის მოოქროვილი. ისევ პოპულარულია საბჭოთა პერიოდის, ძველებური ოქრო, რომელიც გაჭირვების დროს ხალხს სახლიდან გამოაქვს და შედარებით იაფად გვაბარებს“.

ხათუნა ჩიგოგიძე