ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ ჩინეთში დარეგისტრირდება

ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებას წინასწარი დადებითი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭას“ რეგისტრაციის შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილე ლიუ ჯუნშენმა განაცხადა.

რაც შეეხება ადგილწარმოშობის დასახელებებს - „ხვანჭკარა“, „წინანდალი“, „ქინძმარაული“, მათი რეგისტრაციის საკითხს შესაბამისი უწყებები დამატებით შეისწავლიან.

ჩინეთში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილე ლიუ ჯუნშენმა ერთობლივ  შეხვედრაზე განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა 11 მაისს პეკინში გაიმართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩი დავით აფციაური და ”საქპატენტის” თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, გაგრძელდეს კონსულტაციები გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით. მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის მიზნით, ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

ჩინეთში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მექანიზმების ამოქმედება უზრუნველყოფს ქართული ღვინის ცნობილი დასახელებების და ჭაჭის უკანონო გამოყენების აკრძალვას, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში წარმოებული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქციის ექსპორტს.

შეხვედრა საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოლაპარაკებების პარალელურად გაიმართა.