ინდმეწარმე სახელმწიფოსგან აგვისტოს ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

ინდმეწარმე თემურ გიგაშვილი სახელმწიფოსგან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

თემურ გიგაშვილის განცხადებით, რუსი ჯარისკაცები 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, სოფელ კარალეთში, მის საკუთრებაში არსებული თევზსაშენი მეურნეობის ტერიტორიაზე იყვნენ დაბანაკებული, რა დროსაც როგორც თევზსაშენი მეურნეობა, ასევე საფუტკრე მეურნეობა მთლიანად გაანადგურეს.

თემურ გიგაშვილის განცხადებით, მიყენებულმა ზარალმა 285 000 ლარი შეადგინა.

„ამ წლების განმავლობაში მივმართე ფაქტობრივად ყველა უწყებას. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ადამიანის უფლებათა დამცველს, საქართველოს პარლამენტს, ფინანსთა სამინისტროს, პრემიერს, თუმცა დღემდე არანაირი პასუხი არ მიმიღია.

2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მივმართე, შევიტანე განცხადება, ასევე აუდიტის დასკვნა ზარალთან დაკავშირებით და მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლისგან, დავით ხმიადაშვილისგან მივიღე პირობა, რომ ზარალს ამინაზღაურებდნენ და დაზარალებულთა ბაზაში ვიყავი შეყვანილი, თუმცა მოგვიანებით პასუხად უარი მივიღე. ომის შემდეგ შევეცადე მეურნეობა კვლავ აღმედგინა და “იაფი კრედიტის” ფარგლებში 120 000 ლარი სესხი ავიღე, თუმცა დიდი ზარალის გამო მეურნეობის ფეხზე დაყენება ვეღარ შევძელი. იძულებული გავხდი სასამართლოს მივმართო და ამგვარად მოვითხოვო სახელმწიფოსგან ომის შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ინდმეწარმე თემურ გიგაშვილმა.

გიგაშვილს “ადამიანის უფლებათა ცენტრი” უწევს იურიდიულ დახმარებას და გორის რაიონულ სასამართლოში სასარჩელო განცხადება გიგაშვილმა “ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების” დახმარებით შეიტანა. სასარჩელო მოთხოვნა სამი პუნქტისგან შედგება: ეს არის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება; მეორე, 2008 წელს მიღებული ადმინისტრაციული დაპირების შესრულება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ და მესამე, პირველ ეტაპზე თუ ვერ ხერხდება ზიანის სრული ანაზღაურება, მოხდეს “იაფი კრედიტის” ფარგლებში აღებული სესხის ჩამოწერა.