კანადაში ძლიერი ხანძარი ნავთობმომპოვებელ საწარმოებს უახლოვდება

კანადის ხელისუფლებამ 12 ათას მუშას ნავთობმომპოვებელი საწარმოების დატოვება სთხოვა. “ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, სასწარაფო ევაკუაციის მიზეზი ქალაქ ფორტ მაკ მიურეიში გავრცელებული ხანძარია. ხელისუფლების მოთხოვნით, ქალაქთან ახლოს მდებარე საწრმოები 4000-მა მუშამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, საწარმოს 8 ათასმა თანამშრომელმა კი გამაფრთხილებელი წერილი გუშინ გვიან ღამით მიიღო.

სახანძრო სამსახურებმა ცეცხლის კერების ლოკალიზება დროებით შეძლეს, თუმცა მიმდინარე კვირას ხანძარმა ძალა ისევ მოიკრიბა. ოფიციალური პირების მონაცემებით, ცეცხლი 30-40 მეტრ/წუთის სისწრაფით ვრცელდება და ნავთობმომპოვებელ საწარმოებს უახლოვდება. ის ამ დროისთვის 2 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს ფარავს. ალბერტას პროვინციის გამგებლის განმარტებით, ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა აეროპორტი მზად არის მუშაობისთვის.

კანადის პროვინცია ალბერტაში ხანძარი მაისის დასაწყისში გაჩნდა. უნალექობისა და ქარიანი ამინდების გამო ის სწრაფად გავრცელდა. ფორტ მაკ მიურეი ცეცხლის გაჩენის მომენტიდან 80 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა, 2400 შენობა სრულად განადგურდა. ხელისუფლება ზარალის ოდენობას ამ დრომდე ითვლის.