თბილისის საკრებულოსთან ”პარტიზანული მებაღეობის” წევრების აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლას ელოდებიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი თბილისის მერს ”შეახსენებენ იმ უკანონო ქმედებებს, რაც დავით ნარმანიას მერობის პერიოდში განხორციელდა”.

„პარტიზანული მებაღეობის“ წევრების განცხადებით, ძირითადად ყურადღებას ”პანორამა-თბილისზე” გაამახვილებენ. მათივე თქმით, იმისი საკრებულოს სხდომაზე აპირებენ დასწრებას.

„ჩვენ რამდენიმე წელია აქტიურად ვაპროტესტებთ ”პანორამა თბილისის” პროექტს. დავით ნარმანია არ ითვალისწინებს დედაქალაქის მცხოვრებთა მოთხოვნებს და იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ დღეს ის ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, თუმცა საკრებულოს ტრიბუნაზე მას მოუწევს არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რამდენად არგუმენტირებული პასუხები ექნება თბილისის მერს“, - განაცხადა ”პარტიზანული მებაღეობის ” წევრმა ნატა ფერაძემ.