აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მანქანები გადაეცა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ახალი მანქანები გადაეცა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცენტრისთვის სამი მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენა აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა სრულად რეაბილიტირებული შენობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოთახ-მაცივარი, სადაც აჭარის რეგიონისთვის განკუთვნილი ვაქცინების მარაგი ინახება და მოისმინა პრეზენტაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაობის შესახებ.

,,აჭარის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა რეგიონში ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო გარემო უზრუნველჰყოს. ექიმის შეცდომამ შეიძლება ერთი პაციენტის სიცოცხლე შეიწიროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმართაობამ კი ათასობით ადამიანის“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

”აჭარა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და კლიმატური პირობებით მიჩნეულია მალარიის ენდემური გავრცელების რეგიონად. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც დასახლებულია აჭარის რეგიონის მოსახლეობის 80%, განეკუთვნება ჰიპერმალარიოგენულ ზონას. ინტენსიური მიგრაციის და ტურიზმის განვითარების გამო მალარიისა და სხვა ტრანსმისიული დაავადებების შემოტანის მაღალი რისკი არსებობს. სწორედ ამის გამო ყოველწლიურად რეგიონში თებერვლის თვიდან იწყება მალარიოგენური ტერიტორიის აღრიცხვა/პასპორტიზაცია, ხოლო მაისი-ოქტომბრის თვეში კი აღრიცხული ფართის გამოკვლევა და ინსექტიციდით დამუშავება.

მიმდინარე წლისათვის უსაფრთხო ტურისტული სეზონის უზრუნველსაყოფად ორჯერადად დამუშავდება 750 000 კვ.მ. ფართი. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ხორციელდება გადამდები დაავადების კერების კვლევა, ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის შეწყვეტილი კერების მოძიება, ანოფელოგენური ფართის გამოკვლევა/დამუშავება, ვაქცინოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედველობის საინფორმაციო სისტემის მონიტორინგი, ცენტრისათვის მნიშვნელოვანია გამართული და მაღალი გამავლობის ავტომობილების ყოლა, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონის რთულად მისადგომ სოფლებში ვიზიტის განსახორციელებლად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.