იანოშ ჰერმანი ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტზე - ეს არის ყველაზე ტკბილი ახალი ამბავი

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე , - ამის შესახებ საქართველოში ევროკაშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს თაფლის ექსპორტის საკითხებზე ევროკავშირის ბაზარზე.

”ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე. ეს არის დიდი შრომის შედეგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე ტკბილი ახალი ამბავი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაცნობეთ”, - აღნიშნა ელჩმა.

ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.