ბოსტნეულის მყნობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წილკანის საკვლევ ბაზაზე ბოსტნეულის მყნობის პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარეს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ტრენინგზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით კიტრი, საზამთრო და ნესვი დაიმყნო, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მყნობის პრაქტიკული სამუშაოები თავად განეხორციელებინათ.

სემინარს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები, მებოსტნე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთაც სოციალური ქსელის მეშვეობით გაიარეს ონლაინ რეგისტრაცია.

”ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე საძირისა და სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას.

კიტრის, საზამთროს და ნესვის დაავადებებისადმი გამძლე საძირედ გამოყენებულ იქნა ყაბაყი.

ტექნოლოგიის ათვისება მნიშვნელოვანია გოგროვანი ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის, ვინაიდან გარანტირებულია მცენარეების დაავადებებისგან (ფუზარიოზული ჭკნობისგან და ნემატოდებისაგან) დაცვა, ვეგეტაციის გახანგრძლივება და მოსავლიანობის გაზრდა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა აგრარური მიმართულების პრაქტიკული და თეორიული სემინარები, რის შესახებაც ინფორმაცია ცენტრის ვებ და სოციალურ გვერდებზე განთავსდება”, - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.