აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სერვისებით პირველ კვარტალში 5 751 ბენეფიციარმა ისარგებლა

აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, დღეს, აჭარის ა/რ მთავრობის სხდომაზე, სამინისტროს 2016 წლის I კვარტლის ანგარიში წარმოადგინა.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის I კვარტლის მონაცემებით, აჭარაში სხვადასხვა სახის 17-მდე სერვისით 5 751-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

მისივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით სამედიცინო მომსახურება 1 784 პაციენტს დაუფინანსდა, სოციალური დაცვის პროგრამებით 740 ბენეფიციარს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამებით 3 227 ბენეფიციარს. დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამით გადამზადების კურსს გადის 120 სამუშაოს მაძიებელი.

2016 წელს, სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი 14 057 940 ლარს შეადგენს.

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში: გულის ქირურგია დაუფინანსდა 171 პაციენტს, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება 582 პაციენტს, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა 546 პაციენტს.

2016 წლის პირველ კვარტლის მონაცემებით, უკვე დაფინანსებულია სახსრების ენდოპროთეზირება - 37 პაციენტი, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობიდან 67 პაციენტის სამედიცინო მომსახურება, 381 პაციენტის ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება 64 514 ბენეფიციარს დაუფინანსდა.

სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში: ახალშობილი ტყუპების 20 ოჯახს გადაეცა - 39 000 ლარი, 100 წელს გადაცილებულ 38 მოქალაქეს - 38 000 ლარი, ომში დაღუპული ჯარისკაცების 22 ოჯახს - 22 000 ლარი, მიუსაფარ დედათა და ბავშვთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ისარგებლა 22-მა ბენეფიციარმა.

შშმ სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია და ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაცია დაუფინანსდა 740 ბენეფიციარს.

სმენის აპარატები გადაეცა 254 ბენეფიციარს ; სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფილია 50 შშმ პირი და ხანდაზმული; სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია დაუფინანსდა 172 ბენეფიციარს;

”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე აგრძელებს უკვე მიმდინარე პროგრამებს.

მთავრობის სხდომის დასასრულს არჩილ ხაბაძემ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება: წელს ბათუმის ძველ ბულვარში განთავსდება ახალი სასწრაფო ამბულატორია, რომელიც გადაუდებელ დახმარება გაუწევს ქალაქის დამსვენებლებს. თანამედროვე ტიპის ამბულატორია სულ ორია საქართველოში, ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აჭარას გადმოსცა საჩუქრად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.