მატანში მერქნული მასალის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ძირნაყარი საშენე და მერქნული მასალის გადამუშავების მიზნით საწარმო შენდება.

როგორც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელში (CENN) აცხადებენ, ამ საწარმოში ბრიკეტების გამოშვება იგეგმება, რომელიც შემდგომში გაიყიდება. ასევე იგეგმება, რომ ახმეტის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღი ენეგრო ეფექტური გათბობის სისტემით აღიჭურვოს. პროექტის მიზანია, ტყეების ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა და ბაზარზე ალტერნატიული საწვავის გამოჩენა, რაც ტყეზე უშუალო ზეწოლას შეამცირებს. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია ტყეების მდგრადი მართვისა და არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით.

სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, სააგენტოს თანამშრომლები და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. პროექტი საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ახმეტის მუნიციპალიტთან და CENN-თან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია GIZ-გერმანიის თანამშრომლობის ფონდი.