ამიერიდან ლარი მუდმივად გამყარდება

ლარი ახალი წონასწორული კურსის ძიებაშია. გუშინ ეროვნულ ბანკს მიმოქცევიდან 20 მილიონი დოლარის ამოღება დასჭირდა, რათა ოფიციალური კურსი როგორმე 2,18-ის ნიშნულზე გაეჩერებინა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობა წლის ბოლომდე ლარის კიდევ უფრო გამყარებაზე დაუფარავად საუბრობს. ამას იმპორტირებული პროდუქტის გაიაფება და ინფლაციის შემცირება მოჰყვება.

არსებული მაკროეკონომიკური მონაცემებით, ლარის კურსის სწრაფი გამყარების საფუძველი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ერთია ის, რომ ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება, მაგრამ, მეორე მხრივ, იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობაში კატასტროფული დისბალანსი აღინიშნა. უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 63%-ს მიაღწია, ანუ იმპორტმა ექსპორტის მოცულობას 2 მილიარდი დოლარით გადააჭარბა.

წინა თვეს უმნიშვნელოდ გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის აპრილში საქართველოში 94,8 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 4%-ით (3,7 მილიონი დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასეთი ზრდა ვერ იქნება ლარის კურსის გამყარების სერიოზული საფუძველი. ერთადერთი შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით ინვესტიცია შემოვიდა. სტატისტიკის სამსახური სტატისტიკურ მონაცემებს 9 ივნისს გაგვაცნობს.

ლარის კურსთან დაკავშირებით საოცრად იმედიანია მთელი მთავრობა. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტა წლის ბოლომდე "მუდმივი გამყარების რეჟიმში იქნება". ამიტომაც, ეროვნული ბანკი სერიოზული რყევების თავიდან ასაცილებლად ამ პროცესს დიდი სიფრთხილით ეკიდება.

"მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ლარი აუცილებლად გამყარდება. ყველა წინაპირობა გვაქვს, როგორც ფუნდამენტურ, ასევე განწყობის ნაწილში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

"განწყობის ნაწილში" რომ ცვლილებებია, ეს, ქუმსიშვილის გარდა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკშიც შეამჩნიეს. ცოტა ხნის წინ ევრობანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შეცვლის ერთ-ერთ მოტივად ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ ბიზნესში პოზიტიური განწყობის გაჩენა დაასახელა. მოსახლეობა კი 2015 წლის შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ლარის კურსი არჩევნების წინ ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ხელოვნურად მყარდება. ამ ვარაუდს, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი გამორიცხავს და ამბობს, რომ ეროვნული ბანკი, პირიქით, სავალუტო ინტერვენციების საშუალებით გამყარების პროცესს ხელოვნურად აჩერებს.

"რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვენციები, ლარი უფრო მეტად გამყარდებოდა. როდესაც ვალუტის დევალვაციამ 2,50-ის ნიშნულს მიაღწია, ამის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობდა ქვეყანაში. ეს იყო ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკა. ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ სწრაფად მყარდება ლარი, მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკურ მონაცემებში განსაკუთრებული წინსვლა არ გვაქვს. ბიზნესმენები ამბობენ, რომ შეიცვალა განწყობა პოზიტივისკენ, რაც ახალი პროექტების განხორციელების და ინვესტიციების მოზიდვის საფუძველს ქმნის", - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვეში ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან 115 მილიონი დოლარი ამოიღო. პირველი ინტერვენცია 17 მარტს განხორციელდა, მცირე მოცულობით - 5 მილიონი ლარი. რამდენიმე დღეში 21 მარტს 10-მილიონიანი ინტერვენცია გახდა საჭირო, 21 აპრილს კი ეროვნული ბანკი 20-მილიონიან ინტერვენციებზე გადავიდა. მიუხედავად ამისა, გუშინ "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ლარი დოლარის მიმართ 2,18 ნიშნულსაც არ ჩამოცდა.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, რომ ლარის კურსზე სპეკულაციური წნეხი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, მოიხსნა. დღეს ამ მიმართულებით მომუშავე აგენტებს აღარ აქვთ იმის მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება და ამიტომ ეს ზეწოლა შეწყდა.

ამასთანავე თოქმაზიშვილი ლარის ხელოვნურად გამყარებას გამორიცხავს და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი საწინააღმდეგო პოლიტიკას განახორციელებდა - დოლარს კი არ შეიძენდა, არამედ გაყიდდა.

"ლარი ხელოვნურად რომ მყარდებოდეს, სრულიად საწინააღმდეგო პროცესი იქნებოდა - ეროვნული ბანკი დაიწყებდა ბაზარზე დოლარის გამოტანას. დღეს კი იგი რეზერვის შევსებით არის დაკავებული. ეს ნიშნავს, რომ ლარზე ყოველგვარი სპეკულაციური შეტევა შეწყდა, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმალვობაში მიმდინარეობდა. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ნორმალურად წარმართოს თავისი პოლიტიკა და რაც შეეძლება მეტი რეზერვი დააგროვოს", - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი და აღნიშნავს, რომ ლარის სასარგებლოდ ასევე ამუშავდა ეკონომიკური ბერკეტები, რომლებიც უკავშირდება ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში.

ლარის გამყარებამ იმპორტირებული პროდუქტი უნდა გააიაფოს, ამიტომაც ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს პროგნოზირებს. წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალი იყო 2016 წლის პირველ კვარტალში. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ შემდგომში ინფლაცია ზომიერად შემცირდება და მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში იგი მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. 2017 წლის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ია, ხოლო 2018 წლიდან - 3%.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"