ბათუმში, გმირთა ხეივანში საინვესტიციო პროცესი დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან ერთად გმირთა ხეივანში ახალ საინვესტიციო პროექტს ჩაუყარა საფუძველი.

აჭარის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის ფარგლებში ეს პირველი პროექტია.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია 1000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე 105-ნომრიან სასტუმროს, 300 საცხოვრებელ აპარტამენტს, კომერციულ ფართებს, სპა ცენტრს, საზოგადოებრივ კვების ობიექტს ("ლაუნჯი", ბარი, კაფე, ლუდის ბარი) და გასართობ ცენტრს (კინოთეატრი) განათავსებს. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მშენებლობაზე ამ დროისთვის 35 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვიც მშენებლობის პროცესში 100-მდე გაიზრდება. პროექტი ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა.

გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანში არსებული 3 ჰა ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით, შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსებაა შესაძლებელი.

გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. უახლოეს მომავალში ამ ტერიტორიაზე დამატებით ორი ახალი საინვესტიციო პროექტია დაგეგმილი.