”საერთაშორისო გამჭვირვალობა” აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ხელისუფლებას 3 რეკომენდაციას აძლევს

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ხელისუფლებას 3 რეკომენდაციას აძლევს.

როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტების კოორდინატორმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, ონალაინ თამაშებთან (ონლაინ ტოტალიზატორი, ონლაინ-კაზინო) დაკავშირებით პირველი რეკომენდაცია რეგისტრაციის პროცესს ეხება.

მისივე თქმით, პირადი ნომრის ადგილას ნებისმიერი თერთმეტნიშნა რიცხვის შეყვანა საკმარისია, რათა ონლაინ თამაშებისთვის რეგისტრაცია გაიარო და ითამაშო.

”ეს იყო ხილული პრობლემა და მისი აღმოფხვრა მნიშვნელოვანია, რადგან რეგისტრაციის ხარვეზის გამო არასრულწლოვნებს შეიძლება ხელი მიუწვდებოდეს ამ თამაშებზე და ეს აუცილებლად უნდა აღმოიფხვას”, - განაცხადა ნატროშვილმა.

რაც შეეხება მე-2 რეკომენდაციას, ლევან ნატროშვილის თქმით, სახელმწიფომ დეტალურად უნდა შეისწავლოს აღნიშნული დარგი და ის პრობლემები, რაც შეიძლება არსებობდეს.

”შეზღუდვებს რაც შეეხება, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ, პირველ რიგში, სახელმწიფომ ეს საკითხი დეტალურად უნდა შეისწავლოს, თუ არის, მაშინ რა პრობლემებია აზარტული თამაშების კუთხით, იქნება ეს ონლაინ თუ არა ონლაინ თამაშები, როგორია მოსახლეობის ჩართულობა, რა იწვევს პრობლემებს, საიდან მომდინარეობს ისინი და გარკვეული შეზღუდვების თუ რეგულაციების დაწესება, ამის მერე იქნება რელევანტური და გამართლებული. მსოფლიოში აზარტული თამაშებთან დაკავშირებით ბევრნაირი რეგულაცია არსებობს. მათი ავტომატურად გადმოტანა ყოვლად გაუმართლებელი იქნება, ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა ამ საკითხის შესწავლა. თუ გამოჩნდა რომ პრობლემა სერიოზულია ამა თუ იმ კუთხით, უკვე საკანონმდებლო წინადადება იქნება თუ კანონპროექტი, ამის მერე იქნება გამართლებული და დასაბუთებული. ასე ფრაგმენტულად, რომ წინადადებები შევიტანოთ, დავბლოკოთ, ავკრძალოთ და ა.შ. წინასწარი შესწავლის გარეშე, ჩვენ არ ვემხრობით”, - განაცხადა ნატროშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში აუცილებელია სპეციალისტების - ეკონომისტების, ფსიქოლოგების ჩართვა.

”საჭიროა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები რომ ჩაერთონ შესწავლაში, რათა გარკვეული ეკონომიკური სიკეთეები, რაც აზარტული თამაშების ბიზნესს ახლავს, არ დაზარალდეს და მეორე მხრივ, ის რისკები რაც ახლავს ამ ბიზნესს - სოციალური დანახარჯები, არაჯანსაღი დამოკიდებულება თამაშებზე, მათში არასრულწლოვნების მონაწილეობა - ეს მნიშვნელოვანი პრობლემები შემცირდეს. აქედან გამომდინარე, საჭიროა შესწავლა ამ საკითხების და თუ პრობლემები გამოვლინდა, ამის შემდეგ გამართლებული იქნება გარკვეული რეგულაციების შემოღება”, - განაცხადა ნატროშვილმა.

როგორც ლევან ნატროშვილმა აღნიშნა, მე-3 რეკომენდაცია ეხება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მისივე თქმით, იმ ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ევროსაბჭოს ქვეყნებში ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში გატარებულ ღონისძიებებს აფასებს, საუბარი იყო, რომ ამ კუთხით სათანადო მექნიზმები არ არის, რადგან ”არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ სახელმწიფოს რეაგირება მოეხდინოს, გამოეძიებინოს, ფულის გათეთრების კუთხით ვიღაცა დაესაჯოს. ამ მხრივ საქართველოში რისკები მაღალია”.

კითხვაზე, უნდა აკრძალოს თუ არა მედიამ ონლაინ თამაშების რეკლამირება, ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, საჭიროა შესწავლა, რათა მივაგნოთ იმ გზებს, რომლითაც ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას.

”ფრაგმენტულად რაღაც რეგულაცია რომ შემოვიტანოთ, შევზღუდოთ, ავკრძალოთ, მედიამ თითონ რაღაც გააკეთოს, არ ვიცი, რამდენად ეფექტური იქნება. შეიძლება იყოს ეფექტიანი და შეიძლება - არა. ვიდრე არ იქნება შესწავლილი ეს საკითხი, რთული იქნება იმის თქმა, რა მექანიზმი იქნება ყველა უფრო გამართლებული”, - განაცხადა ნატროშვილმა.