„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებმა იუსტიციის საბჭოსთან აქცია გამართეს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოძიებაში აქტიურად ჩაერიოს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, ”მაგრამ საქმის განხილვა დაუსრულებლად ჭიანურდება და ამ დროს შპს ”ცენტრ-პოინტი ჯგუფი” აგრძელებს თაღლითურ საქმიანობას”.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ცხაკაიამ განაცხადა, უკვე წლებია ადამიანები ბინებს ელოდებიან.

„უკვე წლებია ადამიანები საკუთარ ბინებს ელოდებიან, 80%-ს სრულად აქვს გადახდილი თანხა“, - განაცხადა გიორგი ცხაკაიამ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეების დიდ ნაწილს 2005, 2006 და 2007 წლებში ხელშეკრულების შესაბამისად თანხა სრულად აქვთ დაფარული.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი იყო. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა უარი განაცხადა და საქმიდან აცილება მოითხოვა.