დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრა

ბერლინში მიმდინარე ეუთო-ს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპის რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების პროცესში მის მზარდ როლზე ისაუბრეს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში სატრანსპორტო-ლოჯისტიკური პროექტების მხარდაჭერაზე, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, ჩინეთი-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის სტრუქტურაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური კონფერენცია გერმანიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, პატრონაჟით ჩატარდა. კონფერენცია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა და მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელებმა. ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა რეგიონების სახელმწიფოებს შორის, რაც ნდობის აღდგენასა და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას ხელს შეუწყობს.