ბანკები დოლარს იცილებენ და ლარზე ნადირობენ

ქვეყანაში ლარზე არნახული მოთხოვნაა, ამ ფაქტს სახაზინო ვალდებულებების აუქციონიც ადასტურებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ორ დღეში სებ-ის 40-მილიონიანი ინტერვენციის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა თავბრუდამხვევი სისწრაფით მყარდება. ეკონომისტები კურსის გამყარებას ისევ ორი ძირითადი მიმართულებით ხსნიან. ერთი ნაწილი ამბობს, რომ ლარზე სპეკულაციური ზეწოლა მოიხსნა, მეორე ნაწილი კი მიზეზს ეკონომიკის გამოცოცხლებაში ხედავს.

13 თვის განმავლობაში, პირველად, "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარის ღირებულება 2,15 ლარამდე შემცირდა. ასევე ერთწლიან პერიოდში, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ლარი დოლარის მიმართ 2,16 ნიშნულამდე გამყარდა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2 თვეში ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 135 მილიონი დოლარი გამოაცალა. მიუხედავად ამისა, ლარის რევალვაცია კი დიდი სისწრაფით გრძელდება. რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვენციები, კურსი ახლა 2,0-ის ნიშნულს ჩამოცდენილი იქნებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაზარი დიდი რაოდენობით ლარს ითხოვს. გუშინ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 მილიონი ლარი გაიყიდა და გაცილებით უფრო მეტ თანხას 9 ბანკი უდარაჯებდა. საბოლოოდ, მოთხოვნამ მიწოდებას 3,2-ჯერ გადააჭარბა. კომერციულ ბანკებს 144,3 მილიონი ლარის შესყიდვის სურვილი ჰქონდათ.

"რეზონანსი" უკვე წერდა, რომ საგარეო ვაჭრობის 2 მილიარდი დოლარით გარღვევის პირობებში, წესით, დოლარზე მოთხოვნა უნდა გაზრდილიყო, მაგრამ სიტუაცია საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. რა ხდება სინამდვილეში, ამის გარკვევა სპეციალისტებსაც უჭირთ. ფაქტია, რომ კომერციული ბანკები ლარზე ნადირობენ და დოლარს თავიდან იშორებენ.

ეკონომისტ მიხეილ დუნდუას განცხადებით, ლარის მყისიერი გამყარება მაშინ, როდესაც ეკონომიკაში დიდი ცვლილებები არ შეინიშნება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომ საბანკო ზედამხედველობას პოლიტიკურად დამოუკიდებელი პირი უნდა ახორციელებდეს.

"ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ზედამხედველობა სანდო პირის ხელშია და მას პოლოიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი არ მართავს. ეს ნიშნავს, რომ სავალუტო რეზერვები დაცულია, არ ხდება სპეკულაციური შეტევა ლარზე და ამ ყველაფერს კეთილსინდისიერი პიროვნება აკონტროლებს. შესაბამისად, ყველაფერი ლოგიკურად ეწყობა და ბაზარი მშვიდდება", - ამბობს მიხეილ დუნდუა.

"რეზონანსი": ლარის გამყარების მიზეზი მხოლოდ ეს არის?

მიხეილ დუნდუა: მყისიერი გამყარების მთავარი მიზეზი ეს არის. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, გაიზარდა ტურისტული შემოსავლები, ინვესტიციები. კიდევ უფრო სერიოზულ კაპიტალს მოველით. მარტო ევრობანკი წელს 400 მილიონი ევროს შემოტანას გეგმავს. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ საინვესტიციო ნდობა არის გაზრდილი. მართალია, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაიზარდა, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ფაქტორს: პირველ კვარტალში ექსპორტი რეექსპორტის ხარჯზე შემცირდა, წმინდა ექსპორტი კი 4,6%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, უნდა ითქვას, ეს ფაქტორები იანვარ-თებერვალშიც არ ახდენდა ლარზე ზეწოლას, თუმცა, ეროვნული ვალუტა 2,50 ნიშნულამდე გაუფასურდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომისტების ერთ ნაწილი ვალუტის რევალვაციას ეკონომიკის გამოცოცხლებით ხსნის. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს ლევან ქისტაურს ამის მაგალითად ევრობანკის მიერ მშპ-ს პროგნოზის გაზრდა მოჰყავს. იგი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ვალუტის გამყარებას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

"ფაქტია, რომ ქვეყანაში უცხოური ფულადი გზავნილების შემოდინება გაიზარდა, თუმცა რა მიმართულებით, ამის თქმა მიჭირს. სხვა შემთხვევაში ლარზე მოთხოვნა არ მოიმატებდა. ჩემი აზრით, შემდგომში ლარის გამყარების მიმართულებით ეროვნული ბანკი ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. ჯერჯერობით, კურსი 2,2 ნიშნულზე დაბლა არ უნდა ჩამოეშვა და მიმოქცევაში უფრო მეტი ლარი უნდა გაეშვა", - აცხადებს ქისტაური.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში კი სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ. მათი პრეზიდენტი შოთა გულბანი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ლარის გამყარების ტენდენციის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცესისთვის ხელის შეშლა.

"ეროვნული ვალუტა პერმანენტულად და უწყვეტ რეჟიმში მყარდება. ქრონოლოგიურად ეს პროცესი დაემთხვა საქართველოს ეროვნული ბანკის პოსტიდან გიორგი ქადაგიძის წასვლას. ქადაგიძის ოპონენტები ამას მისი საქმიანობით, პოლიტიკური ანგაჟირებულობით და სებ-ის კომპეტენციის ფარგლებში არსებული ბერკეტების სხვა მიზნებისთვის გამოყენებით ხსნიან. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპერტთა ნაწილი (განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ექსპერტები) საგარეო ფაქტორებზე და ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვაზე მიუთითებენ. ამ დროს რიგითი მოქალაქე ვერ გარკვეულა, უნდა უხაროდეს თუ არა ლარის გამყარება დოლართან და შიგადაშიგ ევროსთან მიმართებაში", - ამბობს გულბანი და დასძენს, რომ ეროვნული ვალუტის წონასწორობის ახალი ნიშნული გამოკვეთილი ჯერ კიდევ არ არის.

მისი აზრით, სებ-ის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებას. საზოგადოებამ კი სებ-ისგან ვერ მოისმინა მკაფიო განმარტებები ლარის გამყარების პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებთან დაკავშირებით.

"აქ მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რა უფრო პრიორიტეტული და უპრიანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის მოცემულ ეტაპზე - გაუფასურებული ლარით შენარჩუნებული ექსპორტის კონკურენტუნარიანობა, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, თუ გამყარებული ლარი, რის შედეგადაც ბიზნესმენების აბსოლუტურ უმრავლესობას დოლარში ვალდებულებები შეუმცირდება", - ამბობს გულბანი და თავადვე პასუხობს. ბიზნესმენებისთვის საკრედიტო ვალდებულებების შემცირება ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მწარმოებლურობის უნარი და პოტენციალია ის ფუნდამენტური ფაქტორი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ვალუტის სტაბილურობას და მის სიმყარეს განაპირობებს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"