როგორ აპირებს ახალგაზრდა თუში მეღვინე მივიწყებული ვაზის ჯიშების აღდგენას

შოთა ლაგაზიძე 26 წლის თუში მეღვინეა. ტურიზმის მენეჯმენტიდან ქვევრის ღვინის ბრენდირებულ წარმოებამდე გზა მეგობართან ერთად გაიარა და საკუთარი ბრენდი ,,ლაგაზი“ შექმნა.

ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ვენახი ახმეტის რაიონ სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს. აქვეა მარანიც, სადაც სტუმრებს მსუბუქი ლანჩით უმასპინძლდებიან და იმერეთიდან ჩამოტანილი ქვევრებიც, რომლებშიც ჯერჯერობით 1200 ლიტრი ღვინო ასხია.

მეგობრები ნატურალურ ღვინოს მხოლოდ ბორდოს ნაყენით (კირითა და შაბიამინით) შეწამლული რქაწითელისგან აწარმოებენ. ვენახში შხამქიმიკატებს მიზანმიმართულად არ იყენებენ და აქცენტს ეკოლოგიურად სუფთა, ყოველგვარი მინარევების გამოყენების გარეშე მიღებულ პროდუქტზე აკეთებენ.

თუში მეღვინე ამბობს, რომ თავიდან ბევრ სირთულეს შეეჭიდა, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილია.

,,როცა ადამიანი ისეთ საქმეს იწყებ, რომლის პრაქტიკული გამოცდილებაც არ გაქვს, და მხოლოდ თეორიულად იცი, ბევრი გაუთვალისწინებელ ნიუანსი გხვდება. შეიძლება შეცდომებიც დაუშვა, ცოდნა თანდათან მოდის და შრომასთან ერთად იზრდება. პირველი ეტაპის სირთულე ნებისმიერ საქმეშია“, - აღნიშნავს მეღვინე.

შოთა ლაგაზიძე ახლო მომავალში მივიწყებული ჯიშების აღდგენას და მათგან ღვინის სერიული წარმოების დაწყებასაც გეგმავს. 200 ძირი ,,კახური მცვივანი“ ვენახში უკვე ჩაყარა. მომავალ გაზაფხულზე კიდევ 700 ძირის მიმატებას აპირებს. ამბობს, რომ დღესდღეობით ყურძნის ეს უძველესი ჯიში მცირე რაოდენობით, მხოლოდ რამდენიმე ადგილას გვხვდება. წლების წინ კი ,,კახური მცვივანი“ საკმაოდ გავრცელებული იყო და მისგან ქვევრში განსხავებული გემოსა და არომატის მქონე ღვინო იწარმოებოდა.

მეღვინეობით ზემო ალვანში სულ რამდენიმე ადამიანია დაკავებული, თუმცა, როგორც შოთა ლაგაზიძე ამბობს, სოფელში ყველანაირი პირობებია ვენახის გაშენებისა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის.

სანამ ქვევრში ღვინის დაყენებას ისწავლიდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა. წლების განმავლობაში გიდად მუშაობდა. ამ საქმიანობას მეღვინეობის პარალელურად, დღესაც აგრძელებს. თუშეთსა და ხევსურეთში ტურისტებს მთის ბუნებასა და კულტურას აცნობს. წარმოებისთვის საჭირო საწყისი კაპიტალიც, მეგობართან ერთად ერთი წლის განმავლობაში გიდად მუშაობით დააგროვა. შოთას განსაკუთრებით ეამაყება, რომ ყველაფერს, რაც აქვს, საკუთარი შრომის წყალობით მიაღწია.

ახალგაზრდა მეღვინე აგროტურისტული მეურნეობის ასოციაციის დამფუძნებელიცაა. ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში, გუნდის წევრები ახალგაზრდა მეწარმეებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ.

მეღვინეს მიაჩნია, რომ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების საწინდარი სწორედ ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების დახმარებაშია.

,,დღევანდელი პერსპექტივით ახალგაზრდის სოფელში წასვლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ ამავდროულად, თითოეული სოფელში დაბრუნებული ახალგაზრდა სფეროს განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. საქმე ის არის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა მასიური წარმოებით ვერავის გააკვირვებს. ევროპის ბაზარზე თავს მხოლოდ ნატურალური პროდუქციითა და ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი წარმოებით დავიმკვიდრებთ“, -ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.

ქრისტინე გამთენაძე