სოციალური მედია - რეკლამირების ზუსტი და ეფექტური იარაღი

მასმედია (ტელევიზია, რადიო, პრინტი) შექმნის დღიდან, დღემდე რჩება რეკლამირების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად.

სწორედ მაღალი ეფექტურობა და დიდი აუდიტორიის მოცვის უნარი განაპირობებს მასმედიაში რეკლამის განთავსების მაღალ ფასსაც.

მრავალი წლის განმავლობაში ინფორმაციის გავრცელების ძირითადი საშუალება პრინტი, რადიო,  შემდგომ კი ტელევიზია იყო. მედია საშუალებებთან ურთიერთობას ადამიანი თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს უთმობდა, ბრენდები კი ყოველთვის ცდილობდნენ ყოფილიყვნენ იქ, სადაც იყო მათი მომხმარებელი. დღესდღეობით ჩვენ უფრო და უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ ტელევიზორს, რადიოს მხოლოდ ტრანსპორტში ვუსმენთ, ხოლო ჟურნალების ფიზიკურ კოპიებს ხშირად ონლაინ ვერსიას ვამჯობინებთ. ასე რომ, მასმედიის აბსოლუტური დომინაცია, ინფორმაციის გავრცელებისა და შესაბამისად, რეკლამირებისთვის მიმზიდველობის კუთხით, ტრივიალური აღარაა.

საშუალოსტატისტიკური ადამიანი სოციალურ ქსელებსა და ვებსივრცეს ტელევიზიაზე მეტ დროს უთმობს. გარდა ამისა, ინტერნეტზე დაფუძნებული პლატფორმები მომხმარებელს აძლევს საშუალებას აქტიური როლი მიიღოს კომუნიკაციაში, დააფიქსიროს საკუთარი აზრი, მოიწონოს ან გააზიაროს სტატია, ბლოგი თუ პოსტი.

1 – ორმხრივი კომუნიკაცია

ტრადიდციულ მედიას აქვს მონოლოგის სტრუქტურა, სადაც ერთი მხარე აწვდის მესიჯს, მაგრამ უცნობი რჩება როგორ რეაგირებს მეორე მხარე ამ მესიჯზე. სოციალურ მედია აკავშირებს ბრენდს მომხმარბელებთან და აძლევს მათ დიალოგის საშუალებას.

2 – ვირუსული კონტენტი

ვირუსულად ითვლება ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელსაც ნახვის შემდეგ ადამიანები თავად ავრცელებენ. ბევრი ბრენდი ცდილობს შექმნას ისეთი რეკლამები, რომ მომხმარებლებს თავად მოუნდეთ მათი გავრცელება. სოციალურმა მედიამ გაცილებით უფრო მარტივი გახადა ვირუსული კონტენტის გაზიარება. ბრენდის საინტერესო კომუნიკაციის შესახებ ადრე შესაძლოა მოგეყოლა რამდენიმე ადამიანისთვის, დღეს კი საკმარისია მომხმარებელმა დააჭროს გაზიარების ღილაკს და მის გადაშეარებულ რეკლამას პოტენციურად 500 ახალი მნახველი ყავს.

ციფრული სააგენტო "ლივინგსტონის" მიერ გადაღებული Old Irish-ის ვიდეორგოლი არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ რამდენად დიდი შედეგის მოტანა შეუძლია კარგად დაგეგმილ და გადაღებულ ვირუსულ რგოლს.

https://www.facebook.com/1680548265544924/videos/1683655688567515/

3 - ტარგეტირების საშუალება

მასმედიასთან შედარებით, სოციალური ქსელები რეკლამირებისას გაცილებით უფრო ვიწრო და ზუსტი ტარგეტირების საშლებას იძლევა. კონკრეტულ ჟურნალ-გაზეთებს, რადიო და სატელევიზიო გადაცემებს ჰყავთ საკმაოდ დიდი აუდიტორია, მაგრამ ხშირად რთულია ზუსტად განსაზღვრო, თუ რა დემოგრაფიული მონაცემების ადამიანებს აერთიანებს ესა თუ ის მედია საშუალება. რეკლამირებისას, რთულია თქვა, თუ რამდენად მაღალია სამიზნე აუდიტორიის კონცენტრაცია კონკრეტული მედია საშუალების საერთო აუდიტორიაში. სოციალური მედია გვაძლევს ზუსტი ტარგეტირების საშუალებას. რეკლამირებისას შესაძლებელია კონკრეტული დემოგრაფიული მონაცემების და ინტერესების მითითება, მეტიც - გეოგრაფიული ტარგეტირება გვაძლევს საშუალებას კონკრეტული მესიჯი მივაწვდინოთ მხოლოდ ჩვენს მიერ მითითებულ ქალაქებს, რაიონებს ან უბნებსაც კი (1 კმ. რადიუსის სიზუსტით). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, ტელევიზიაში გაშვებული რეკლამა ნახოს მილიონმა ადამიანმა და აქედან მხოლოდ ოცდაათი პროცენტი იყოს რეკლამის სამიზნე სეგმენტის წარმომადგენელი. სოციალურ მედიაში გაშვებული რეკლამის წვდომა შესაძლოა, ნაკლები იყოს, თუმცა სამიზნე სეგმენტის კონცენტრაცია იქნება გაცილებით უფრო მაღალი. შედეგად მივიღებთ გაზრდილ ეფექტურობას, რადგანაც სარეკლამო ბიუჯეტი არ გაიზრდება არასამიზნე აუდიტორიის ხარჯზე.

4 - ინფორმაციის წყარო

პერსონალური მესიჯები მრავალი კომპანიისთვის წარმოადგენს მომხმარბელისგან ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს. სწორედ მართული სოციალური ფეიჯი შესაძლოა, ძვირადღირებულ გამოკვლევებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო გახდეს.

რაღა თქმა უნდა, სოციალური მედია ჯერ არ არის, და ალბათ არასოდეს იქნება მზად ბოლომდე ჩაანაცვლოს ტრადიციული მედია, რადგანაც თითოეულ მათგანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე. სოციალურ ქსელებში რეკლამირება ძალზედ მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და მისი იგნორირება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ნაკლებად მიზანშეწონილი იქნება. ასე რომ, თუ ტენდენციებს და ფაქტებს გადავხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სულ მალე სოციალურ ქსელებში რეკლამირება ქართული კომპანიების ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების განუყრელი და ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

რევაზ შელია