თამარ სანიკიძემ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს პროფესიული განათლების რეფორმის პროექტი გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი: “საჯარო - კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში” პროექტი გააცნო.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიების ორგანიზატორი იყო ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.

ღონისძიება გახსნა პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ უელტონმა. შეხვედრაზე პალატის წევრებს სიტყვით მიმართა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინელმა, რომელმაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა. ღონისძიებას ესწრებოდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, რომელმაც ფონდის პროფესიული განათლების პროექტის მიმდინარეობისა და განხორციელების შესახებ ისაუბრა.

თამარ სანიკიძემ, პრეზენტაციის დროს, ყურადღება გაამახვილა ბიზნესის, დამსაქმებლების მჭიდრო პარტნიორობაზე, რაც პროფესიული განათლების დუალური სწავლებაზე/მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი და განუყოფელი შემადგენელი ნაწილია. მინისტრმა ისაუბრა, რეფორმის განხორციელების ეტაპებზე, გამოწვევებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. სანიკიძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობასა და ხალხს საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერებასა და რეფორმებში დღემდე გაწეული დახმარებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის მნიშვნელობა, რომელიც, მისი თქმით, არის დროული და სრულად პასუხობს რეფორმის მიმართულებებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში.

მინისტრის პრეზენტაციის დასრულების შემდგომ დისკუსია გაიმართა, რასაც პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლების ინტერესი მოყვა და კომპანიებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიგეგმა, სადაც დეტალურად გაეცნობიან დაინტერესებული კომპანიები პროფესიულ განათლებაში საჯარო-კერძო პარტნიორობის შესაძლებლობებს.