ესპანეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სესიაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მომზადდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ქალაქ მალაგაში გამართულ სესიას 50-ზე მეტი სახელმწიფოს 300 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თალებ რიფაი.

უწყების ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების ტურიზმის მინისტრები და ოფიციალური პირები საქართველოში ღვინის ტურიზმის მიმართულებას და სექტემბერში საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია პირველად საქართველოში 7-9 სექტემბერს კახეთში ჩატარდება.

მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სესიას მალაგაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაესწრნენ.