გოგა ხაჩიძე - წელიწადში 15 მლნ ლარამდე იხარჯება შარდის შემოწმებაში - ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე

შარდის ანალიზების კეთება არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ხაჩიძემ განუცხადა, რომელმაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა.

როგორც გოგა ხაჩიძემ აღნიშნა, კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და ”პოლიციის შესახებ კანონში”, რათა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ უფლება სასამართლოს განჩინების და ნებართვის გარეშე მოქალაქეები უბნებიდან და ქუჩებიდან აყარონ და იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაიყვანონ.

კომიტეტის სხდომაზე გოგა ხაჩიძემ მიიტანა ჭიქა, რომელშიც იყო წვენი. როგორც გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მასში იყო უბრალოდ ვაშლის წვენი.

„ამ კანონპროექტის მთავარი არსი არის ის, რომ აღარ ხდებოდეს ქუჩებიდან, უბნებიდან სხვადასხვა ადგილებიდან მოქალაქეების აყრა და წაყვანა ნარკოტესტირებაზე. ტყუილია ის, რომ თუ მოქალაქეს არ უნდა, მას შარდს არ ჩააბარებინებენ“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ და ამ კონტექსტში ქუთაისში მომხდარი შემთხვევა გაიხსენა.

მისი თქმით, 56 წლის ლევან აბზიანიძეს დაალევინეს შარდმდენები და ეს ადამიანი გარდაიცვალა.

„ტყუილია ის, რომ თუ მოქალაქეს არ უნდა ჩაბარება შარდის, არ ჩააბარებინებენ. თუ თქვენ მხარდამჭერები, ადვოკატები არ გყავთ, პრესა არ მოვარდა და ხმაური არ ატეხეთ, მშვენივრად ჩაგაბარებინებენ. შეიძლება წაგითაქონ კიდეც და ისე ჩაგაბარებინონ. ჩვენ გვინდა, რომ ეს მარაზმი, ტონობით შარდის შეგროვება და ანალიზის გაკეთება სახელმწიფოს მიერ დამთავრდეს. წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ლარი იხარჯება ამ სისულელეში, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს შარდი შეუმოწმოს და დაადგინოს ნარკოტიკებს მოიხმარს თუ არა. შარდის ანალიზების კეთება არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე. ამას ითხოვს ჩვენი კანონპროექტი“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონპროექტის თანახმად სასამართლოს განჩინების და ნებართვის გარეშე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მოქალაქეები იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაიყვანონ.