დიმიტრი ქუმსიშვილი - ლარის გამყარება მთლიანად ემთხვევა იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს გვქონდა

ლარის კურსის გამყარება მთლიანად ემთხვევა იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს გვქონდა, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებას.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ამ დროისთვის ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედებს.

ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად ვიცე-პრემიერმა დაასახელა ტურიზმი, რომელიც ”ზრდადი მაჩვენებლებით გამოირჩევა”. შესაბამისად, მისი თქმით, ტურიზმიდან შემოსული სავალუტო ნაკადები პირდაპირ აისახება ლარის კურსზე.

გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა ასევე დაასახელა ნავთობის ფასის სტაბილურობა და საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რომელიც, ქუმსიშვილის შეფასებით, ლარის კურსზე დადებითად აისახება.