თბილისში მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 80 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება

თბილისში, ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარედ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.

როგორც ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, თბილისის მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 80 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება.

თბილისის მერიასა და კომპანია ,,კა დე ვე ჯორჯიას” შორის მემორანდუმი მიმდინარე თვეში გაფორმდა. ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შესაბამისი ანგარიშის მომზადების მიზნით უკვე მიმართა.

,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის განცხადებით, ქარხნის მშენებლობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც გარემოზე ზემოქმედების ანგარიში მომზადდება.

ქრისტინე გამთენაძე