ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთება დამატებით 100 სოფელში არის შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის #43/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანა.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ცვლილების შესაბამისად, გაზიფიცირებული პუნქტების ჩამონათვალს 100 სოფელი დაემატა, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა შეუძლია.

„გაზიციფირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებაში გაზიფიცირებული სოფლების დამატება ხდება გამანაწილებელი კომპანიების მიერ, კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირების დასრულების შესახებ კომისიისთვის მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. ამჟამად, ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა სულ 726 დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი.

გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებასთან დაკავშირებით კომისიის ვებ-გვერდზე www.gnerc.org კალკულატორია განთავსებული. კალკულატორი იძლევა საშუალებას, მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები. გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები”, - აცხადებენ სემეკ-ში.