საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და ქალაქ იუს ადმინისტრაციულმა კომიტეტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

ჩინეთის ქალაქ იუში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ნინო ჩიქოვანის ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

როგორც სავაჭრო სამრეწველო პალატაში აცხადებენ, ხელმომწერი მხარეები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ქ. იუს ადმინისტრაციულ კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ ქალაქ იუში ქართული ღვინის ცენტრების განვითარებას და ქართული ღვინოსთვის საბაჟო საწყობის მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს.

ნინო ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო მე-4 ქართული ღვინის სახლის გახსნის საზეიმო ცერემონიაში. პირველი ქართული ღვინის სახლი აღმოსავლეთ ჩინეთის ჭეძიანგის რეგიონის ლოჯისტიკურ ჰაბში, ქალაქ იუში გახსნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლმა, სიაოძიუნმა. ამასთან, 17 მაისს სიუძიანმა გახსნა რიგით მეოთხე ღვინის სახლი რეგიონში, რომლის მოსახლეობაც 55 მილიონია.

სავაჭრო სამრეწველო პალატის ცნობით, ასევე იგეგმება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ 12 ქართული ღვინის სახლის გახსნის შესახებ.

”ქართული ღვინის სახლი უკვე გადაიქცა ჩინელი და სხვა ეროვნების ბიზნესმენების თავშეყრის ადგილად. ნებისმიერ სტუმარს საშუალება ეძლევა ეზიაროს არა მხოლოდ ქართული ღვინის კულტურას, არამედ გაეცნოს ქვეყნის ადათ-წესებსა და ტრადიციებს, ფოლკლორს და კულტურულ მემკვიდრეობას”, -აცხადებენ სავაჭრო სამრეწველო პალატაში.