ბიზნესასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს, მეტად მოუსმინოს ბიზნესს

საქართველოს ბიზნესასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს, მეტად მოუსმინოს ბიზნესს,

- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განუცხადა.

ჭირაქაძემ აღნიშნული კომენტარი ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს.

ბიზნესასოციაცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის არსებული სახით მიღება დაუშვებელია.

„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ მთავრობა და ჩვენ ერთ პოზიციაზე ვდგავართ. გვინდა, მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ პარლამენტს - მეტად მოუსმინონ ბიზნესს, მომხმარებელს და იყოს მსჯელობა ამ თემებზე, არ არის საჭირო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც პირდაპირ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრებმა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეტად მოგვისმინონ ჩვენც და სხვებსაც და გაიგონ, თუ რას გამოიწვევს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან გაუაზრებელია და შესაძლოა, მისმა მიღებამ ფასების ზრდა გამოიწვიოს.

„ჩემი აზრით, ძალიან გაუაზრებელია ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის იმ ფორმით მიღება, რა ფორმითაც პარლამენტშია ინიცირებული. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით ამ კანონს, მიგვაჩნია, რომ ამ კანონის ამ ფორმით ამოქმედებამ, შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას იმით, რომ გაძვირდეს საქონელი, რომელიც მომხმარებელმა უნდა მიიღოს. მაგალითად, ნებისმიერი საქონლის 14 დღეში უკან დაბრუნების შესაძლებლობა და ეტიკეტზე მხოლოდ ქართულ ენაზე წარწერა, მხოლოდ და მხოლოდ ხარჯებს გაზრდის. ჩვენ მკაფიოდ შევისწავლეთ და 14 დღე ევროდირექტივებში არსად არ იყო ნახსენები“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“ ბიზნესომბუდსმენს ხვდებიან, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხი სწორედ ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტია.