15 წლის ქართველმა გამომგონებელმა პულსისა და ტემპერატურის საზომი მოწყობილობა გამოიგონა

15 წლის დავით რიჟინაშვილი დამწყები გამომგონებელია.

დავითმა რამდენიმე თვის წინ პულსისა და ტემპერატურის საზომი მოწყობილობა - emergency smart watch - შექმნა. მოწყობილობა განსაკუთრებით მოსახერხებელია მოხუცებისთვის. თუ მოხუცი სახლში მარტო იმყოფება და თავს შეუძლოდ იგრძნობს, მოწყობილობის საშუალებით შეუძლია მარტივად აკონტროლოს პულსი და ტემპერატურა. თუ მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა, emergency smart watch ავტომატურად გზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მოხუცის ოჯახის წევრთან.

დავითი "დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის" მე-10 კლასის მოსწავლეა. პატარა გამომგონებელს ტექნიკური მეცნიერებების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს. სწავლის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით აპირებს. ამბობს, რომ ქიმია მისი ინტერესის სფეროა. წელს ქიმიის ეროვნულ ოლიმპიადაზე მე-2 ადგილი დაიკავა და 700 ლარით დააჯილდოვეს. ახლა მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადება. იცის, რომ წინ დიდი კონკურენცია ელოდება, ამიტომ მსოფლიო ოლიმპიადაზე გასასვლელად სერიოზულად ემზადება.

„ჩემი შექმნილი მოწყობილობის მთავარი მიზანი მოხუცების დახმარებაა. მოხუცი სახლში მარტოც რომ იყოს, ამ მოწყობილობას შეუძლია სხვისი დახმარების გარეშე წნევისა და ტემპერატურის გაზომვა. მაგრამ ამისათვის საჭიროა სახლში იყოს Wi-Fi. მახსოვს ადრე წავიკითხე, რომ განსაკუთრებით მოხუცებში ხშირია გულის პრობლემებით ადამიანების გარდაცვალება, მაშინ როცა სახლში არავინ არის და ვერც სასწრაფოს იძახებ. მას შემდეგ სულ ვფიქრობდი, ასეთი ტიპის მოწყობილობა გამომეგონებინა. მსგავი რაღცები ძალიან მეხერხება, ასე რომ, მისი გამოგონება არ გამჭირვებია“, - გვეუბნება ახალგაზრდა გამომგონებელი.

Emergency smart watch-ზე მუშაობა დავითმა 6 თვის წინ დაარულა. მოწყობილობა უკვე გამოცდილია და კარგად მუშაობს. თუმცა სამომავლოდ დავით რიჟინაშვილი აპარატის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

„ეს მოწყობილობა smart watch-ის მსგავსია. smart watch საკმაოდ ძვირი ღირს, ეს კი უფრო მოხუცებისთვისაა და ამიტომ ფასი 25-30 ლარის ფარგლებში იქნება“, - ამბობს გამომგონებელი.

თიკო გურაშვილი