კობა გვენეტაძე - არის წინაპირობები, რომ ლარი გამყარდეს

ამ წუთში არის ის წინაპირობები, რომ ლარი გამყარდეს, - ამის შესახებ ”ეროვნული ბანკის” პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ”მაესტროს” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ლარის მოძრაობა იქნება როგორც გამყარების, ასევე გაუფასურების მიმართულებით.

”ეს არის ის რეალობა, რომელსაც უკვე შეჩვეულები ვართ და რომელსაც უნდა შევეჩვიოთ. მოგეხსენებათ, საქართველო არის პატარა ეკონომიკა, ღია ეკონომიკა და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს არის ის ოპტიმალური მეთოდი, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ სხვადასხვა, დადებითი და უარყოფითი შოკების აბსორბირება მოხდინოს და საბოლოოდ სიტუაციიდან ისე გამოსვლას, რომ მოსახელობა არ დაზარალდეს და ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს გრძელვადიან პერიოდში”, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, არის გარკვეული წინაპირობები იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს. მისივე თქმით, საქონლის ექსპორტის წლიური შემცირება პირველ 4 თვეში იყო მხოლოდ 12%, რაც ნაკლებია იმაზე, რაც ადრე გვქონდა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, იმპორტის კლება გრძელდება, მაგრამ თუ მთლიანობაში შევხედავთ, 4 თვეში წინა წლების პერიოდთან შედარებით, C ჰეპატიტის წამლების გამოკლებით, მიმდინარე ანგარიში, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

”ამ წუთში არის ის წინაპირობები, რომ ლარი გამყარდეს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელვანია ის მოლოდინები, რომელიც მოსახლეობას აქვს”, - განაცხადა განაცხადა გვენეტაძემ.