რა პოტენციალი აქვს ქართულ მაყვალს მსოფლიო ბაზარზე

მსოფლიოში კენკროვან პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. დღეს არსებული ევროპული პლანტაციები ბაზრის სრულ მომარაგებას ვერ ახერხებენ. სხვადასხვა სეზონზე კენკრის სერიოზული დეფიციტია. საქართველოში ბოლო პერიოდში რამდენიმე კენკრის მწარმოებელი კოოპერატივი შეიქმნა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,გილე” ერთ-ერთი მათგანია. კოოპერატივის წევრებს გურჯაანში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სხვა პროდუქტთან ერთად, ამერიკული მაყვალი ,,ჩესტერი” მოჰყავთ.

„ბიზნესპრენიუსი” ,,გილეს” ხელმძღვანელს იზოლდა ქიტესაშვილს მაყვლის წარმოებასა და პროდუქტის საექსპორტო პოტენციალზე ესაუბრა. 65 წლის იზოლდა ქიტესაშვილი პროფესიით ექიმი-ნევროლოგია.

- როდის დაიწყეთ მაყვლის მოშენება და როგორ განავითარეთ ეს საქმიანობა დღემდე?

- კოოპერატივი ,,გილე” 2014 წელს დაარსდა. გაშენებული გვაქვს ატამი, გარგარი, კენკროვნებიდან კი მარწყვი და მაყვალი. რაც შეეხება მაყვალს, ეს პროდუქტი ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა. საქმიანობა დაუგეგმავად დავიწყეთ. ასეთ წარმატებულ შედეგს ნამდვილად არ ველოდით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მაყვალზე ძალიან დიდი მოთხოვნაა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ მსოფლიო ბაზარზე. პირველ ეტაპზე 50 ძირი ნერგი ჩავყარეთ. დღეს უკვე ჩვენი მეურნეობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. საქართველოში ეს პროდუქტი ჯერ კიდევ ახალი ხილია. როგორ ხდებოდა მოყვანა, მოკრეფა, გადამუშავება - ამის ცოდნა ნაკლები გვქონდა. დღესდღეობით სხვადასხვა ლიტერატურითა და პირადი გამოცდილებით, უკვე ბევრი რამ შევისწავლეთ და ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვაწვდით ინფორმაციას.

- როგორია მოყვანის ტექნოლოგია?

- ძალიან მარტივია. რაც მთავარია, ჯერჯერობით არანაირი დაავადება ამ პროდუქტისა არ დაგვიფიქსირებია. ,,ჩესტერი” ამერიკული ჯიშის მაყვალია. ეკალი არ აქვს და შენდება როგორც ვენახი. ეკონომიკური დანახარჯებიც, ფაქტობრივად, იგივე აქვს. მაყვალი მცირემიწიან, გამოუყენებელ ადგილებშიც, მთიან რეგიონებშიც შეიძლება გაშენდეს. სახელმწიფომ ერთი ძირი ნერგის ფასი სამ ლარად შეაფასა. საქართველოში ერთი კილოგრამი მაყვლის ფასი დაახლოებით 4-5 ლარია.

- ამჟამად რა რაოდენობის პროდუქტს აწარმოებთ?

- ჩვენი კოოპერატივი წელს დაახლოებით 20 ტონა მაყვლის მოსავალს ელოდება. თითქმის 5 წელია, რაც ეს პროდუქტი საქართველოში გამოჩნდა. მაყვალი მცირე ფართობებზე სხვებსაც აქვთ გაშენებული. ნერგები ჩვენგანაც მიაქვთ ხოლმე. იმედი გვაქვს, მომავალში ჩვენი წარმოებაც გაიზრდება და ამ საქმიანობაში სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობაც ჩაერთვება.

- რა პერიოდში მოდის მაყვალი და რამდენ ხანს გრძელდება მსხმოიარობა?

- მაყვალი ივნისის შუა რიცხვებიდან იწყებს დამწიფებას. კრეფა დაახლოებით 40 დღე გრძელდება. ამ მოცულობით ვერ შევძლებთ სერიოზული რაოდენობის ექპორტის განხორციელებას, მაგრამ თუ ,,ჩესტერი” სხვა რეგიონებშიც გაშენდება, ეს საქართველოს პრიორიტეტად იქცევა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, აქ მაყვალი ძალიან ადრე შემოდის. ეს ფაქტი სხვა ექსპორტიორ ქვეყნებთან შედარებით, მომგებიან სიტუაციაში გვაყენებს.

- როგორია მოთხოვნა ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე?

- ევროპის ბაზარს საკმაოდ დიდი მოთხოვნა აქვს კენკრაზე, კერძოდ კი მაყვალზე. არა მარტო ევროპაში, მთელ მსოფლიოში ამ პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობა ძალიან დიდია. თუმცა, ჩვენ ჯერჯერობით ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ვახერხებთ. ამიტომ, ჩვენი ნომერ პირველი პრობლემა მცირე წარმოებაა. ფართობები უნდა გაიზარდოს. მინიმუმ ახლო მომავალში 5 ათასი ტონის წარმოება უნდა შეძლოს ქვეყანამ, იმისთვის რომ მსხვილი საექსპორტო ბაზრების მუდმივი და უწყვეტი მომარაგება შევძლოთ. კენკრის საექსპორტო პოტენციალი იმდენად მნიშვნელოვნადაა შეფასებული, რომ ის ახლო მომავალში ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდება. მთავარია, მოსახლეობა დაინტერესდეს. ეკონომიკური სარგებელი, რაც მაყვლის წარმოებით მოსახლეობამ შეიძლება მიიღოს, საკმაოდ დიდია. რაც მთავარია, პროდუქტს არ სჭირდება მთავრობის მხრიდან სუბსიდირება. მოსახლეობა თავად მიაგნებს სარეალიზაციო ბაზარსაც და შესაბამის სარგებელსაც მიიღებს.

ქრისტინე გამთენაძე