როგორ გამოიყურება ჩინეთში Apple-ის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის მუშების საერთო საცხოვრებელი

საერთო ტუალეტის ობიანი და დამპალი კედლები, ცარიელი ოთახების 2-სართულიანი საწოლები...

ასე გამოიყურება კომპანია Apple-ის პრემიალური პროდუქტების ქარხნის მუშების საერთო საცხოვრებელი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ჟურნალისტები საერთო საცხოვრებლის 4 ბლოკს ესტუმრნენ, სადაც Apple-ს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია Pegatron-ის დაქირავებული მუშები ცხოვრობდნენ. გამოცემის ცნობით, iPhone 6-ის წარმოების დროს საერთო საცხოვრებელში 6 ათასი მუშა ცხოვრობდა.

რამდენიმე ხნის წინ შანხაის რაიონში, კანსიაოში მდებარე შენობიდან მუშების მასობრივი გაყვანის წყალობით, შესაძლებელი გახდა შოკისმომგვრელი ფაქტების გასაჯაროება - თუ რა საშინელ პირობებში უწევდათ ტაივანური ელექტრონიკის გიგანტის, Pegatron-ის დაქირავებულ ადამიანებს ცხოვრება, რომელთაც 12-საათიან ცვლაში უწევდათ შრომა.

საცხოვრებელ ოთახებში საწოლების რაოდენობა 12-მდე ადის. თითოეული საწოლისთვის მუშები თვეში 23 დოლარს იხდიდნენ, რომელიც ხელფასიდან იქვითებოდა. Pegatron ირწმუნება, რომ თითო ოთახში მხოლოდ 8 ადამიანი ცხოვრობდა.

„ერთი პერიოდი აქ 6 ათასი მუშა ცხოვრობდა, მაგრამ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში Apple-დან შეკვეთებმა იკლო, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა კომპლექსის დახურვა. თითქმის არავინ გაუფრთხილებიათ. ყველაფერი საახალწლო დღესასწაულამდე მოხდა, ძალიან სწრაფად. როგორც ჩანს, მყარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - საერთო საცხოვრებლის შესანახი საკმარისი სამუშაო არ არის”, - ჰყვება დაცვის თანამშრომელი.

აპრილში Apple-მა განაცხადა, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში 16%-ით ნაკლები iPhone გაიყიდა, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. შესაბამისად, პროდუქციიდან მიღებული მოგება 18%-ით შემცირდა.

Pegatron, რომელიც iPhone-ს უშვებს სხვა ტაივანურ გიგანტთან, Foxconn-თან ერთად, დაახლოებით 50 ათას მიგრანტს ამუშავებს, რომლებიც საწარმო კომპლექსის მთავარ საერთო საცხოვრებელში და მის მიღმა მდებარე შენობებში არიან განთავსებული.

ახლახან Apple-მა და Pegatron-მა შანხაის iPhone-ის ქარხანაში ფოტოგრაფები შეუშვეს ბრალდებების საპასუხოდ.

მაგრამ ფოტოგრაფებს არ ჰქონიათ წვდომა საერთო საცხოვრებელთან. Pegatron-მა აღიარა, რომ საერთო საცხოვრებლებში დაუშვებელი პირობებია და Apple-ის კორპორატიული ეთიკა ირღვევა.

Apple-ის ოპერაციულმა დირექტორმა, ჯეფ უილიამსმა მომწოდებლების პასუხისმგებლობის ანგარიშში დაწერა: ” Apple-ში ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი მომწოდებლები თითოეულ თანამშრომელს დამსახურებული პატივისცემით ეპყრობოდნენ. ჩვენი გუნდი გულმოდგინედ მუშაობს, რათა ყოველწლიურად გაუმჯობესდეს სამუშაო პირობების დონე, თანამშრომლებს მიეცეს საგანმანათლებლო შესაძლებლობები, დაცული იქნას მათი უფლებები”, - ნათქვამია ანგარიშში.

დუდანა ზაქარაია