GNCC - www.adjaranet.com ვებ-სივრცეს დაუბრუნდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „სი ჯი ელ“-ის (www.adjaranet.com), შპს „აიმუვის ჯი“-ს (www.imovies.ge), სს „სილქნეტის“, შპს „იბერია-TV“-ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს წარმომადგენლებთან ვებსივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსების საკითხთან დაკავშირებით (არალეგალური მხატვრული ფილმები და სერიალები) შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, შპს „სი ჯი ელ“-ის (www.adjaranet.com) წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შპს „იბერია-TV“-ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქცია, რომელზეც შესაბამის ნებართვებს აღნიშნული კომპანიები ფლობდნენ, ვებ-გვერდიდან (www.adjaranet.com) მოხსნილია. საუბარია, პოპულარულ და ძვირადღირებულ მხატვრულ ფილმებზე და სერიალებზე (“Breaking Bad”, “Game of Thrones”, “გრეის ანატომია”, “ამერიკული საშინელებათა ისტორია” და სხვა...), ასევე საპრემიერო კონოფილმებზე, რომელთა ჩვენება კინოთეატრებში ჯერ არ დასრულებულა, რიგ შემთხვევებში არც კი დაწყებულა.

”ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ კვლავ მიმართა ინტერნეტპროვაიდერებს და ამჯერად www.adjaranet.com-ზე მომხმარებლებისთვის წვდომის აღდგენა მოითხოვა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 მაისის წერილი, რომლითაც კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, ვებ-გვერდ www.adjaranet.com-ზე არსებულ დაუშვებელ პროდუქციასთან წვდომის შეზღუდვა მოითხოვა, შპს „სი ჯი ელ“-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. შპს „სი ჯი ელ“-ის (www.adjaranet.com) განცხადებით, კომპანიამ სადავო აუდიოვიზუალური პროდუქცია ვებ-გვერდიდან სასამართლო განხილვების დასრულებამდე მოხსნა.

შეხვედრის მონაწილე მხარეები ინტერნეტ სივრცეში ლეგალური კონტენტის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ”, - აცხადებენ GNCC-ში.