საქართველოში სამი ახალი, უმაღლესი კლასის  სასტუმრო აშენდება

თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით მშენებარე სამი სასტუმრო Marriott-ის უმაღლესი კლასის “Autograph Collection” ბრენდის ქვეშ ერთიანდება.

როგორც ფონდში აცხადებენ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და სასტუმროთა საერთაშორისო ქსელ Marriott-ს შორის შესაბამის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტებით Marriott-ის დაინტერესების მნიშვნელობა შეაფასა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სულ მალე საქართველოს შეემატება უმაღლესი კლასის სასტუმროები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის იმიჯზე და ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას.

”საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტების ფარგლებში, საქართველოში შემოდის Marriott-ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Autograph Collection, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ბრენდების სამეულში შედის. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ქვეყანა არათუ სტაბილურად ვითარდება, არამედ სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება საერთაშორისო ბიზნესისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კატეგორიის ბრენდი შემოდის ერთდროულად სამ სასტუმროში: პროექტ “პანორამა თბილისის” ფარგლებში, დედაქალაქში დაგეგმილი ორი სასტუმროს - სასტუმრო ,,სოლოლაკის“ და სასტუმრო ,,თავისუფლების მოედანზე“ - პროექტებსა და უკვე დასრულების ეტაპზე მყოფ შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსში, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 365 მილიონი ამერიკული დოლარია. სასტუმროების მშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ იქმნება 1200 მუდმივი სამუშაო ადგილი”, - განმარტავენ თანაინვესტირების ფონდში.