გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყანა საქმიანი წრეებისთვის სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება

”მერიოტის” უმაღლესი კატეგორიის ბრენდის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა საქმიანი წრეებისთვის სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაღში განაცხადა, სადაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და სასტუმროთა საერთაშორისო ქსელ Marriott-ს შორის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით მშენებარე სამი სასტუმროს, Marriott-ის უმაღლესი კლასის Autograph Collection ბრენდის ქვეშ გაერთიანების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი განსაკუთრებით მიესალმა მუზეუმის ხელმძღვანელს, დავით ლორთქიფანიძეს, რომელიც მისი თქმით, ძალიან ბევრს აკეთებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი გაიგოს საქართველოს შესახებ.

”მერიოტი” დაინტერესდა თანაინვესტირების ფონდის მიერ დაწყებული ნახევარმილიარდიანი პროექტით - მშენებარე სამი სასტუმროთი, რაც უდავოდ მიმართულია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ის, რომ საქართველოში შემოდის ”მერიოტის” უმაღლესი კატეგორიის ბრენდი, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამეულში შედის, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა არამარტო სტაბილურად ვითარდება, არამედ სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება საქმიანი წრეებისათვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კატეგორიის ბრენდი შემოდის ერთდროულად სამ სასტუმროში: პროექტ ”პანორამას” ფარგლებში თბილისში იგეგმება ორი სასტუმროს მშენებლობა - ”სოლოლაკის მაღლობი” და ”თავისუფლების მოედანი”, ხოლო დასრულების ეტაპზეა ”შეკვეთილის სასტუმრო”, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასევე, რომ ”მერიოტმა” გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა სასტუმროების უნიკალური შერწყმა ლანდშაფტთან და გარემოსთან, აქცენტი გაკეთდა ასევე პროექტის ორიგინალობაზე, ეკოლოგიურობასა და ინდივიდუალიზმზე. მოხარული ვარ, რომ თანაინვესტირების ფონდსა და ”მერიოტს” შორის მოხდა ინტერესთა სრული თანხვედრა და საქართველოს შეემატება უმაღლესი კლასის სასტუმროები, რაც ქვეყნის იმიჯსა და პრესტიჟზე უდავოდ დადებითად იმოქმედებს”, - განაცხადა პრემიერმა.

მან მხარეებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უფრო მეტი საინტერესო ბრენდისა და ინვესტიციის საქართველოში შემოსვლას.