საქართველოს ავიაბაზარზე ირანული ავიაკომპანია შემოდის

მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში ახალი, ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines შემოდის. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, TABAN Airlines იწყებს ჩარტერული ფრენების განხორციელებას ირანსა და საქართველოს შორის შემდეგი მიმართულებებითა და სიხშირეებით: ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანი - კვირაში 2 სიხშირით; თეირანი-თბილისი-თეირანი - კვირაში 2 სიხშირით; მაშადი-თბილისი-თაბრიზი - კვირაში 1 სიხშირე; თეირანი-ბათუმი-თეირანი - კვირაში 1 სიხშირით; თაბრიზი-ბათუმი-მაშადი - კვირაში 1 სიხშირით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. ”ავიაკომპანია TABAN Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა დადებითად აისახება ტურისტული ნაკადებისა და მგზავრების რაოდენობის ზრდაზე, ვინაიდან აღნიშნული ფრენები ძირითადად ქვეყნის მიმართულებით ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული”, - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.