პუტინის „კორტეჟი“ ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი

რუსეთის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ახალი ლიმუზინი უკვე მზადაა და მას „კორტეჟი“ ჰქვია.

პროექტი Cortege, რომელიც 3,7 მილიარდი რუბლი (54 მილიონი დოლარი) დაჯდა, რუსეთის ოფიციალური პირებისათვის ავტომობილების წარმოებას მიმდინარე წლიდან დაიწყებს. ის წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სახით: მათ შორის არის ლიმუზინი, სედანი, ქროსოვერი და მინივენი.

აღსანიშნავია, რომ სიახლე პუტინის ამერიკელი კოლეგის ბარაკ ობამას „კადილაკის“ (მეტსახელად, „ურჩხულის“) მსგავსად, ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვინაიდან იგეგმება მისი თითოეული ვარიანტის მინიმუმ 4 ათასი ერთეულის წარმოება და გაყიდვა. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ცნობილი გახდა, რომ „კორტეჟი“ აღიჭურვება გერმანული კომპანია Porsche-ს აგრეგატებით. მათ შორის ყველაზე მძლავრი იქნება ბიტურბირებული V12, რომელიც 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ვლადიმერ პუტინისგან განსხვავებით, მსურველებისათვის ავტომობილის მიწოდება გვიან 2017 წლამდე არ დაიწყება. ჯერ უცნობია მისი საცალო ღირებულებაც.

კოკა კვირკველია