საქართველოდან ერაყის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დღეიდან განხორციელდება

Georgian Airways, Bravo Airways და Fly Dubai ახალ მიმართულებებს და სიხშირეებს ამატებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მიმდინარე წლის 22 მაისიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას იწყებს ერაყის მიმართულებით. თბილისი-ერბილი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანია Bravo Airways 2016 წლის 19 ივნისიდან შეასრულებს ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით, კვირაში 1 სიხშირით. ფრენები გაგრძელდება 18 სექტემბრამდე და მთლიანად ორიენტირებული იქნება ტურისტული ნაკადების საქართველოში ჩამოყვანაზე.

ავიაკომპანია Fly Dubai ზრდის ფრენის სიხშირეს დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით და 2016 წლის 8 ივლისიდან საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს კვირაში 14 სიხშირით ნაცვლად 7 სიხშირისა, ხოლო 30 სექტემბრიდან კი ფრენები აღნიშნული მიმართულებით შესრულდება კვირაში 10 სიხშირით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე გასცა.