დემურ გიორხელიძე - ლარის კურსის ასეთი ტემპით გამყარება ისეთივე უაზრობაა, როგორიც მისი კურსის დაცემა იყო დიდი ტემპით

რა იწვევს ლარის გამყარებას და როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კითხვებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე პასუხობს.

- ბატონო დემურ, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში საგრძნობლად გამყარდა. იმის ფონზე, რომ ქართულ ეკონომიკაში, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ხდება, ხოლო გარე ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსის ვარდნის მიზეზად სახელდებოდა, კვლავაც ნარჩუნდება, ჩნდება კითხვა - რის ხარჯზე მყარდება ლარი?

- როცა ეკონომიკაში არაფერი ისეთი ხდება, რომ ლარის გამყარება გამოეწვია - არ იქმნება სამუშაო ადგილები, არ იქმნება ახალი ბიზნესები, ეკონომიკა იმ ტემპით არ ვითარდება, რომ მოთხოვნა ლარზე გაზრდილი იყოს, ვალუტის გამყარების რეალურ მიზეზებზე საუბარი წარმოუდგენელია.

როგორია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე და მოთხოვნა დოლარზე დღეს არავინ იცის, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ამ ინფორმაციას არ კრიბავს. ლარის კურსის დადგენა არ ხდება მაკროეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე. არის ე.წ. სულელური ლიბერალური შეხედულება, რომელსაც ლიბერალიზმთან არაფერი შეხება არ აქვს. ორი ბანკი ვაჭრობს ბლუმბერგის ბირჟაზე. ვაჭრობის მოცულობა დიდი არ არის. ის ტრანზაქციები, რომლებიც ხორციელდება იყოფა ტრანზაქციების რაოდენობაზე და ჩვენ ვიღებთ ლარის ე.წ. კურსს, რომელსაც ლარის რეალურ კურსთან არაფერი საერთო არ აქვს. წარმოუდგენელია ასეთ ლარს ეკონომიკის განვითარებასთან რაიმე საერთო ჰქონდეს.

ლარის კურსის ასეთი ტემპით გამყარება ისეთივე უაზრობაა, როგორიც მისი კურსის დაცემა იყო დიდი ტემპით. ეს პროცესი, ფაქტობრივად, მინდობილია ორ-სამ ბანკზე და მასში ანუ ლარის კურსის ფორმირებაში ეროვნული ბანკი, პრაქტიკულად, არ მონაწილეობს. თუ რაღაც არ მოხდა, ვთქვათ, გაიზარდა მოთხოვნა, ეროვნული ბანკი ცდილობს ამ მოთხოვნის როგორმე ჩაქრობას. სხვა მხრივ, ეროვნული ბანკი ამ პროცესის მხოლოდ პასიური დამკვირვებელია.

როცა ქვეყანაში ფულის სერიოზული დეფიციტია, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაასაბუთებს, რატომ მყარდება ლარის კურსი

მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა რომ იყოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა საქართველოს ეკონომიკაა, ის ეკონომიკა უბრალოდ დაინგრევა, იმიტომ რომ არ შეიძლება ლარის კურსი უაზროდ დადიოდეს აღმა-დაღმა. ის, რაც ხდება, არანაირი პროცესებიდან არ გამომდინარეობს, გარდა ხელოვნური პროცესებისა. ვითარებაში, როცა ქვეყანაში ფულის სერიოზული დეფიციტია, ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაასაბუთებს, თუ რატომ მყარდება ლარის კურსი და ვერ დაასაბუთებს იმას, თუ რას ემსახურება ის, რაც ლართან მიმართებაში ხდება.

ჩვენ გვჭირდება სტაბილური ვალუტა, რომელიც მცირე ამპლიტუდებით იქნება წონასწორული მდგომარეობის ფარგლებში. ეს უაზრობა რა შედეგს მოიტანს, ვნახავთ. შედეგი იქნება ნეგატიური და ეს აისახება ეკონომიკის საერთო მდგომარეობაზე.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის გამყარების მიზეზი შესაძლოა, ლარზე სპეკულაციური ზეწოლის მოხსნას უკავშირდებოდეს, მეორე ნაწილი კი მიზეზს ეკონომიკის გამოცოცხლებაში ხედავს. თუ ასეა, უპრიანია დაისვას კითხვა - ვინ მოითბო ხელი ლარზე სპეკულაციურ ზეწოლაზე და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება ყოფილიყო ლარის კურსზე ასე სწრაფად ასახვის მიზეზი?

- ჯერ ერთი, ასეთი აფეთქებები ეკონომიკაში არ ხდება, თუ ამის ხელშემწყობი ფაქტორები არ არსებობს. ქვეყანაში არ გატარებულა რაიმე რეფორმა, პრაქტიკულად არაფერიშეცვლილა. ასე არ ხდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ, საქმის მოყვარულმა ადამიანებმა რეალური ეკონომიკის კეთება დავიწყოთ და ამან ეკონომიკის აფეთქება გამოიწვიოს. ასე რომ, რაც ლართან მიმართებაში ხდება, ეს არის ხელოვნური პროცესი. ვალუტის აღმა-დაღმა სვლა ერთადერთ მიზანს - მოსახლეობის ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით გაპარსვას ისახავს.

რა ლოგიკაა იმაში, როცა ამბობენ, რომ გზავნილების გადარიცხვებმა მოიმატა და ჩვენ ამ გზავნილებს ვახვედრებთ სწრაფად გამყარებულ ლარს ანუ, ადამიანები ნაკლებს იღებენ, ვინაიდან ფასებში არანაირი ცვლილება არაა. მეტიც, ფასები უამრავ პროდუქტზე იზრდება. რომელ გონიერს შეუძლია თქვას, რომ გამყარებული ვალუტა მართლაც ეკონომიკური პროცესების შედეგია? თუ ეს ასეა, მაშინ ფასები რატომ იზრდება? რატომ გვაქვს ფასების მუდმივი ზრდა? ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც ეხება. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ასევე საკმაოდ სწრაფად მოიმატა საწვავის ფასმაც. თუ ასეა, რაც ხდება ვის სჭირდება? ეს სჭირდება ადამიანებს, რომლებსაც ხელში ჩაუგდეს ლარის კურსის ფორმირების საკითხი ქართული ეკონომიკის საზიანოდ. ქართული ეკონომიკა ისედაც წაქცეულია და ამ უაზრობებით, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, იგი კიდევ უფრი მიეჯაჭვება თავის უპერსპექტივო მდგომარეობას.

- ექსპერტთა ნაწილის მტკიცებით, ბანკები ლარს იცილებენ და ლარზე ნადირობენ. თუ ეს მართლაც ასეა, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

- ეს ზღაპრებია და სინამდვილეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ჩვენთან ე.წ. ექსპერტები ვერ გაცდნენ მაამებლობას, ვინმეს სასარგებლოდ საუბარსა და განცხადებების კეთებას, რაც პროფესიულ საუბარს სცილდება. ერთად თავმოყრილი ამდენი უაზრობა საკმაოდ მძიმე მოსასმენია.

კობა ბენდელიანი

წყარო: “ინტერპრესნიუსი”