გიორგი კვირიკაშვილი - ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის

ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში იწყება იშვიათი, ძვირად ღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელება, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს.

”ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება - დღეს საფუძველი ეყრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას.

ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის და მივესალმები ყველას, ვინც ახლა ჩვენთან ერთად არის და იზიარებს ამ დიდ სიხარულს.

მივესალმები და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პატივცემულ სტუმრებს, სახელოვან მეცნიერებს, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

როგორც იცით, ამ რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ღირებულების პროექტს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, მინდა მივესალმო და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამ კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმის წამოწყებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინსტიტუტი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში”,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად.

"აქ განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით; აქ იქნება უნიკალური ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე კვლევებისათვის.

ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში. მინდა ხაზი გავუსვა, სტუდენტების სწავლას და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს მთლიანად დააფინანსებს ფონდი „ქართუ“, რაც მართლაც უდიდესი და უპრეცედენტო მხარდაჭერაა. სასიხარულოა, რომ ინსტიტუტის სტუდენტები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობასა და მის ექსპლუატაციაში გაშვებაში. ეს მათ დამატებით გამოცდილებას შესძენს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა მეცნიერების და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საქმეში.

ჩვენ ვიწყებთ იშვიათი, ძვირად ღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.