გიორგი კვირიკაშვილი - ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ინსტიტუტი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში.

გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით გამოყო ამ პროექტის ყველაზე მთავარი კომპონენტის - ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობის მნიშვნელობა.

მისი განმარტებით, ფართო წრეებში „კოლაიდერად“ ცნობილი ნაწილაკების ამაჩქარებლის კომპლექსის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება, მათ შორის მედიცინის, კერძოდ კი, ონკოლოგიის „ადრონული თერაპიის“ მიმართულებით.

”ამ მხრივ ჩვენი ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება მსოფლიოში მეხუთე იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის CERN (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი), CNAO (ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი), INFN (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) და სხვა.

”სწორედ მათთან ერთად ხორციელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება გამორჩეულად სასარგებლო და ნაყოფიერი.

ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება. იგი იმუშავებს ადრონული თერაპიის მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.