სემეკმა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის განაწილების ქსელზე მიერთების განაცხადის ფორმები შეიმუშავა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის ფორმები შეიმუშავა.

როგორც სემეკში აცხადებენ, განაცხადით მოთხოვნილ სხვა ინფორმაციასთან ერთად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელის მიერ მითითებული უნდა იყოს მოთხოვნილი ძაბვის საფეხური, ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე და სადგურის ქსელში ჩართვის სქემა (სინქრონული ან ინვერტორით).

”მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის ფორმა განთავსდება კომისიის ვებ-გვერდზე www.gnerc.org.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოდგენს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, (წყალი, მზე, ქარი ა.შ) რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, საცალო მომხმარებელს, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის ფლობს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, შეუძლია გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოხმარებას - გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია. თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული, გამანაწილებელი კომპანიის ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტი იქნება გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა (ქსელში მიღებული ჭარბი ელექტროენერგია) აისახება მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით.

წლის ბოლო თვეს, ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს გადაუხადოს კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის საფასური, განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით”, - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.