როგორი იქნება ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ასეული მილიონი ევროა

თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ღირებულება, რომელსაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს, რამდენიმე ასეული მილიონი ევროა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიღომში მშენებლობას საფუძველი მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან ერთად ჩაუყარა.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, ასევე სახელოვან მეცნიერებს, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. "დარწმუნებული ვარ, ეს ინსტიტუტი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ამ პროექტის ყველაზე მთავარი კომპონენტის - ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობის მნიშვნელობა.

ფართო წრეებში "კოლაიდერად" ცნობილი ნაწილაკების ამაჩქარებლის კომპლექსის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება, მათ შორის მედიცინის, კერძოდ კი, ონკოლოგიის "ადრონული თერაპიის" მიმართულებით. ამ მხრივ ჩვენი ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება მსოფლიოში მეხუთე - იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის CERN (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი), CNAO (ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი), INFN (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) და სხვა, რომლებთან ერთად აღნიშნული პროექტი ხორციელდება.

"ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება. იგი იმუშავებს ადრონული თერაპიის მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მიზანია, ეს ინსტიტუტი გახდეს წამყვანი უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერების თავშეყრის ადგილი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. აქ განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით; აქ იქნება უნიკალური ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე კვლევებისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში. მათ სწავლას და პარტნიორ ორგანიზაციებში მივლინებებს მთლიანად ფონდი "ქართუ" დააფინანსებს, რაც, პრემიერის შეფასებით, უდიდესი და უპრეცედენტო მხარდაჭერაა. ამასთან, ინსტიტუტის სტუდენტები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობასა და მის ექსპლუატაციაში გაშვებაში, რაც მათ დამატებით გამოცდილებას შესძენს.

იხილეთ ფოტოები

წყარო: AMBEBI.GE