ევროპაში საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში ღირს

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე 0,01 ევროთი გაიზარდა და საშუალოდ 1,14 ევრო შეადგინა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში ღირს.

,,ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში, სადაც სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,58 ევროს, პრემიუმის ტიპის ბენზინის - 0,51 ევროს, დიზელის საწვავის ფასი კი 0,48 ევროს შეადგენს.

საწვავის ფასები სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და მოლდოვაში ასე გამოიყურება: სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,79 ევროს, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,76 ევროს, დიზელის საწვავი - 0,70 ევროს; აზერბაიჯანში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,61 ევროს, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,56 ევროს - ნავთობიმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ამ ორ პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი კი 0,35 ევრო ღირს.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,81 ევროს, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,78 ევროს, დიზელის საწვავი - 0,67 ევროს შეადგენს; მოლდოვაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,73 ევრო, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,70 ევრო, დიზელის საწვავი კი 0,58 ევრო ღირს.

საქართველოში არსებულ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ასეთია: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,73-1,93 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,63-1,77 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,44-1,70 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,42-1,54 ლარი; ევრო დიზელი - 1,43-1,69 ლარი. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ლიტრზე 10-15 თეთრით ნაკლებია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე