Apple-მა შესაძლოა, პროდუქცია გააიაფოს

კომპანია Apple-ის ხელმძღვანელის ტიმ კუკის განცხადებით, ამერიკულმა გიგანტმა შესაძლოა, ამერიკის ფარგლებს გარეთ საკუთარ საფასო პოლიტიკას გადახედოს.

ინდური ტელეკომპანია NDTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კუკმა აღიარა, რომ Apple-ის პროდუქციის, განსაკუთრებით კი iPhone-ის ფასები, ამერიკის ფარგლებს გარეთ ზედმეტად ძვირია.

გადაცემის წამყვანმა ვიკრა ჩანდრამ ერთ-ერთ მაგალითად ინდოეთის ბაზარი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში iPhone-ის ღირებულება ბევრად აღემატება ამერიკის ბაზარზე არსებულ ფასს მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ არ არის ხელმისაწვდომი ძალიან ბევრი სერვისი, მათ შორის iBooks.

„მინდა გითხრათ, რომ კომპანიის ბიზნესის რენტაბელობა ინდოეთში არ არის მაღალი და ბევრად ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში. თუმცა ვაღიარებ, რომ ფასები მაღალია. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მოხდეს ფასების დაწევა იქამდე, სადამდეც შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ტიმ კუკმა.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული Apple iPhone 6S Plus 64GB მოდელის ფასი 2 299 ლარიდან იწყება, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანიის ვებგვერდზე იგივე მოდელი 849 დოლარი ღირს, რაც დღევანდელი კურსით 1 816 ლარს შეადგენს.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე