აფბა - ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადებით, ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბას“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესები შეაფასა. ბაირახტარმა ასევე ქართულ საწვავის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, საფასო პოლიტიკა გადაიხედოს.

„ნავთობის ფასმა დაღმავალი ტრენდი 2016 წლის თებერვლიდან შეწყვიტა და ბარელის ფასი 40 დოლარს გადასცდა. იმ პერიოდისთვის ნავთობზე ფასების მატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი იყო ნიგერიიდან და ერაყიდან ნავთობის მიწოდების შეფერხება. ასევე, ფასების მატებაში ლომის წილი შეასრულა „ოპეკმა“, რომელმაც რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, მოახერხა ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ნაწილი დაეყოლიებინა მოპოვების „გაყინვაზე“. უფრო კონკრეტულად კი ნავთობის მოპოვების გაყინვაზე შეთანხმდნენ რუსეთი, აზერბაიჯანი და საუდის არაბეთი. შეთანხმებას მოგვიანებით შეუერთდა ყატარი და ვენესუელა. თუმცა „ოპეკის“ მცდელობის მიუხედავად, ფასების ისეთი დოზით მატება, რომელსაც ოპეკის წევრი ქვეყნები ელოდნენ, არ მოხერხდა“, - განაცხადა აფბა-ს ანალიტიკოსმა.

მისივე თქმით, 3 თვეში ბარელის ფასი 40$-დან მხოლოდ 47$-მდე გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი კი ირანია, რომელიც უარს ამბობს მოპოვების გაყინვაზე და პრაქტიკულად მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს. პაატა ბაირახტარის განცხადებით, სანქციების გაუქმების შემდეგ სწორედ ირანი იქცა ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად მსოფლიო ბაზარზე.

„ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასები ისევ დაეცა, ამჯერადაც ფასების ვარდნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ირანი იქცა. საქმე იმაშია, რომ „ოპეკი“ მომდევნო შეხვედრას 2 ივნისს გეგმავს, სადაც სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ. შეხვედრაში მონაწილეობას ირანიც მიიღებს, მაგრამ ოფიციალური “თეირანი“ შეხვედრამდე აანონსებს, რომ ირანი ისევ არ შეუერთდება ნავთობის მოპოვების გაყინვის შეთანხმებას და მომავალი ზაფხულისთვის საექსპორტო პოტენციალს დღეში 2.2 მლნ ბარელამდე გაზრდის“, - აღნიშნა აფბა-ს ანალიტიკოსმა.

პაატა ბაირახტარის თქმით, ირანის ფაქტორს ემატება, Goldman Sachs-ის პროგნოზი, რომელმაც ნავთობის ბირჟებზე მყისიერად იმოქმედა. პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წლისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 45 დოლარის ფარგლებში იქნება დაფიქსირებული.

ანალიტიკოსის განცხადებით, მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, საწვავის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა საქართველოშიც.

მისი განცხადებით, მსოფლიო პროცესების პარალელურად ცვლილებები მოხდა ქართულ საწვავის ბაზარზეც. უფრო ზუსტად კი ბოლო ორ თვეში სამჯერ გაიზარდა ფასები ქართულ ბაზარზე 3, 4, და 5 თეთრით. „ტრადიციულად“ ქართულმა საწვავის იმპორტიორმა კომპანიებმა საწვავის გაძვირების მიზეზად მსოფლიო ტენდენციები დაასახელეს.

„მართლაც ბოლო 2 თვეში მსოფლიო ბაზარზე ბარელის ფასი თითქმის 14%-ით გაიზარდა. პროცესების პარალელურად იზრდებოდა ფასი ქართულ საწვავზეც და მთლიანმა ზრდამ 8%-ს გადააჭარბა. მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი ეროვნული ვალუტის ფაქტორი, რომელიც ბოლო 2 თვეში თითქმის 15%-ით გამყარდა. მაშინ როდესაც, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.47 ლარს აჭარბებდა, საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის საწვავის ღირებულება საშუალოდ 1.55 ლარს შეადგენდა. დღეს კი იგივე საწვავი 1.63-1.77 ლარამდე მერყეობს. ერთი დოლარის ღირებულება კი 2.14 ლარია. გამოდის, რომ ლარის გამყარების ფონზე სხვაობა ქართულ ბაზარსა და მსოფლიო ბაზარს შორის მინიმუმ 8%-ს შეადგენს. შესაბამისად მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, რომ ქართული საწვავის იმპორტიორების მხრიდან ფასების ზრდა ისევ ხელოვნურად ხდება“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, აფბა მოუწოდებს ქართველ ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს, საფასო პოლიტიკას დაუყოვნებლივ გადახედონ.